ორბელიანების სასახლეში სომხეთის პრეზიდენტის დახვედრის ცერემონია გაიმართა. გაფართოებულ ფორმატში შეხვედრის შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა და ვაჰაგნ ხაჩატურიანმა ორმხრივი ბრიფინგი გამართეს.
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ევროპის ინტეგრაციის გზაზე გამოჩენილი ახალი შესაძლებლობები საქართველოსთვის დიდი შანსია. ასევე აღნიშნა, რომ საქართველოსთვის და სომხეთისთვის 30 წელი რთული პერიოდი იყო, მაგრამ ურთიერთობები იყო კეთილმეზობლური, რომელიც მეგობრობით, თანამშრომლობით გაგრძელდება.
"მოხარული ვარ, რომ ჩვენ დღეს ვმასპინძლობთ სომხეთის პრეზიდენტს, რომლის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ეს მისი პირველი ოფიციალური ვიზიტია საზღვარგარეთ და მისი სურვილი იყო, ეს ვიზიტი საქართველოში გამართულიყო. ეს არის ნიშანი, რა მჭიდრო და მეგობრულია ჩვენი ურთიერთობები, ამას ძალიან ვაფასებთ. ასევე წელს ჩვენ აღვნიშნავთ ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების 30 წელს. 30 წელი ორივე ქვეყნისთვის საკმაოდ რთულ პერიოდშია გავლილი, მაგრამ ჩვენი ურთიერთობები იყო კეთილმეზობლური და ეს ასახავს ჩვენს საუკუნოვან ისტორიას, რომელიც ასევე საუკუნის განმავლობაში გაგრძელდება, მეგობრულად, ურთიერთშევსებით, თანამშრომლობით“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის თქმით, უკრაინაში მიმდინარე რუსეთის აგრესია წარმოადგენს ყველასთვის ახალ გამოწვევას, რამეთუ ირღვევა ყველა საერთაშორისო ნორმა და პრინციპები, რაზეც აგებულია საერთაშორისო წესრიგი, უსაფრთხოების არქიტექტურა.
"უკრაინაში მიმდინარე რუსეთის აგრესია წარმოადგენს ყველასთვის ახალ გამოწვევას, რამეთუ ირღვევა ყველა საერთაშორისო ნორმა და პრინციპები, რაზეც აგებულია საერთაშორისო წესრიგი, უსაფრთხოების არქიტექტურა. ამდენად, ჩვენი ქვეყნების სუვერენული და ტერიტორიული პრინციპებიც ირღვევა კიდევ ერთხელ. ყველასთვის შემაშფოთებელია ადამიანის ყველა უფლების უხეში დარღვევა, რასაც დღეს ვხედავთ და რაც მიმდინარეობს უკრაინაში. უკრაინის გვერდით ვდგავართ და ვუცხადებთ სრულ სოლიდარობას“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განცხადა, რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე ვითარება უმძიმესი რჩება, სუვერენობის უგულებელყოფა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა გრძელდება.
"რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე ვითარება რჩება უმძიმესი, სუვერენობის უგულვებელყოფა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა გრძელდება და მძიმდება, რასაც ემატება დღეს ახალი მუქარა რეფერენდუმი სახით, რომელიც გამოცხადებულია 17 ივლისისთვის. თუმცა ამავე დროს, ევროპის ინტეგრაციის გზაზე გამოჩენილი ახალი შესაძლებლობები ძალიან დიდ შანსს წარმოადგენს ჩვენი ქვეყნისთვის და ასევე ამ რეგიონისთვის, რომელიც შედის აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში. დიდი იმედი გვაქვს, ეს გააჩენს ყველა მხრივ კიდევ ახალ შესაძლებლობებს პოლიტიკური, თუ ეკონომიკური შესაძლებლობების ახალი განვითარების კუთხით“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებები წარმატებულად გაგრძელდება.
"ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს კიდევ ყოველი მხრივ ახალ შესაძლებლობებს გააჩენს, პოლიტიკური თუ ეკონომიკური განვითარებისთვის. ჩვენი რეგიონის მომავალი ამავე დროს, მჭიდროდ დამოკიდებულია მშვიდობიან გარემოზე და ვიმედოვნებთ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებები წარმატებულად გაგრძელდება. ამ კუთხით ევროკავშირის ჩართულობას მივესალმებით", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ვიზიტის ფარგლებში ვაჰაგნ ხაჩატურიანი საქართველოს პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარესაც შეხვდება.