დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გაიზარდა

25 მაისი 2022, 17:19 710 ნახვა

დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გაიზარდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვაუჩერული სერვისით სარგებლობა უკვე ქუთაისის ორ კლინიკაშია შესაძლებელი.

უწყების ცნობით, ამ დრომდე აღნიშნული სერვისები ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ თბილისის სამ დაწესებულებაში, რის გამოც დასავლეთ საქართველოში მცხოვრებ შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზის მქონე ბავშვებსა და მათ მშობლებს სამედიცინო სერვისების მისაღებად დედაქალაქში ჩასვლა უწევდათ.

"ცვლილების შედეგად, პროგრამის ვაუჩერული სერვისით სარგებლობა, თბილისის გარდა, შესაძლებელია იმერეთის რეგიონის ორ დაწესებულებაში: დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი (ქუთაისი, ჯავახიშვილის N 83ა) და ქუთაისის N 1 პირველადი ჯანდაცვის ცენტრი (ქუთაისი, ტ.ტაბიძის N 23).

ვაუჩერის კომპონენტი ითვალისწინებს შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ბავშვებისთვის შემდეგი მომსახურების მიწოდებას:  საანალიზო-ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფა;  გლუკომეტრი;  სისხლში გლუკოზის საანალიზო ტესტ-ჩხირები და სისხლის ასაღები ლანცეტის ნემსები; შარდში კეტოსხეულების განმსაზღვრელი ტესტ-ჩხირები; ენდოკრინოლოგის კონსულტაცია/მეთვალყურეობა; გლიკოჰემოგლობინის განსაზღვრა კაპილარული სისხლით; დიაბეტით გამოწვეული თვალის დაავადებების მონიტორინგი; პროგრამის მოსარგებლეებისა და მათი მშობლების სამედიცინო განათლება; ფიზიკური რეაბილიტაციის უზრუნველყოფა, პაციენტის სურვილის შემთხვევაში; სამედიცინო ცნობისა და რეცეპტის გაცემა.

ჯანდაცვის სამინისტრო აგრძელებს აქტიურ მუშაობას დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაფართოებისთვის“, – აცხადებენ უწყებაში.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში