ქუთაისში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის სამზადისი დაიწყო

25 მაისი 2022, 14:39 265 ნახვა

ქუთაისში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის სამზადისი დაიწყო. ორი დღის განმავლობაში ქალაქის ცენტრალური მოედანი და რამდენიმე მიმდებარე ქუჩა გადაიკეტება.

25-დან 27 მაისამდე მუნიციპალური ტრანსპორტი იმოძრავებს შეცვლილი მარშრუტით.

ღონისძიებათა ლოკაცია ძირითადად ქალაქის ცენტრალურ მოედანი, მიმდებარე ტერიტორია და ქუთაისის ცენტრალური ბულვარია. დამოუკიდებლობის დღის მთავარი თემა არის „ევროპისკენ".

26 მაისს 12 საათიდან მოქალაქეებს შეეძლებათ ცენტრალურ მოედანზე სამხედრო ტექნიკა დაათვალიერონ. თუმცა ფიცის დადების ცერემონიალი ქუთაისში არ გაიმართება. დაგეგმილია სხვადასხვა კულტურული ღონისძიება. მათ შორის ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, ყვავილების გამოფენა-გაყიდვა, მოეწყობა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა.

ასევე დაგეგმილია სპორტული ღონისძიებები: ტურნირი მოყვარულთა შორის ჭადრაკში, ნარდში, შაშში, აღმოსავლური ორთაბრძოლების საჩვენებელი გამოსვლები. დაგეგმილია ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა. ბავშებისთვის თოჯინებისა და ნიღბების თეატრის სპექტეკლების ჩვენება. გაიმართება ხალხური და კლასიკური მუსიკის კონცერტები. 17:10  ცენტრალურ მოედანზე შესრულდება საქართველოს ჰიმნი. ეს არის დრო, როცა ნოე ჟორდანიამ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა. დამოუკიდებლობის დღე გალა კონცერტით 20 საათზე დასრულდება.

 

 

ფოტო: არჩილ გეგენავა

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში