საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის გათამაშების ახალ ეტაპს მნიშვნელოვანი სიახლით იწყებს. დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველად, ეროვნული გუნდებისთვის ერთიანი ბრენდ პლატფორმა შეიქმნა.
შეიცვალა ბრენდის ვიზუალური და ვერბალური იდენტობა და ახლა უკვე პირველად, ეროვნული გუნდები საკუთარი, უნიკალური დიზაინის მაისურებით ითამაშებენ. შეიცვალა ბრენდის ვიზუალური იდენტობა, სადაც ბრენდის არქერტიპი გმირია. ის, ვინც საკუთარ თავში სისუსტეს ამარცხებს და საკუთარი მიზანდასახულობით, სხვებსაც შთააგონებს.
ამ შინაარსის გამომხატველი ვიზუალური სიმბოლიკა თავად ჩვენი ქვეყნის გერბზეა გამოსახული - წმინდა გიორგი სიძლიერის, იმედის, ბოროტებასთან ბრძოლის სიმბოლოა.
“მე ვარ საქართველო” - ბრენდის ახალი სლოგანი და ვერბალური იდენტობაა, რომელიც ახალ იდეოლოგიას ახმოვანებს. შეიცვალა საფეხბურთო ნაკრების ფორმების დიზაინიც - ვიზუალური იდენტობის მიხედვით შეიქმნა სამი განსხვავებული ფორმა (საშინაო, საგარეო და მესამე), რომლებიც ირეკლავს ბრენდის ახალ ფილოსოფიას, ითვალისწინებს თანამედროვე ვიზუალურ ტრენდებს, აძლიერებს ნაკრებს, როგორც ბრენდს და გულშემატკივრებს ახალ, ეროვნულ სიმბოლიკასთან შესაბამისობაში მყოფ ვიზუალურ გადაწყვეტას სთავაზობს.