დაავადებათა კონტროლის ცენტრი „მაიმუნის ყვავილთან“ დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

23 მაისი 2022, 16:06 1793 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, „მაიმუნის ყვავილი“ ზოონოზური დაავადებაა, რომელიც  ადამიანს უპირატესად გადაეცემა მღრნელებისა და პრიმატებისგან. ადამიანებს შორის ვრცელდება რესპირატორული გზით, ინფიცირებულ ბიოლოგიურ სითხეებთან პირდაპირი კონტაქტით ან დაინფიცირებულ საგნებთან შეხებისას.

მათივე განმარტებით, გადაცემის შემთხვევები ასევე აღწერილია არასაკმარისად დაუმუშავებელი ხორც-პროდუქტების მიღებისას.

"2022 წლის 22 მაისის მდგომარეობით, მსოფლიოში იდენტიფიცირებულია მაიმუნის ყვავილის 92 დადასტურებული და 28 სავარაუდო შემთხვევა (უპირატესად ევროპაში), რომლებშიც ჯერჯერობით არ ვლინდება მოგზაურობის ისტორია დაავადების ენდემურ ქვეყნებში. მაიმუნის ყვავილით გამოწვეული გარდაცვალების არცერთი შემთხვევა ჯერ არ დაფიქსირებულა.

 

2021 წელს ოთხი კონტინენტის 15 ქვეყანაში დაფიქსირდა  ადამიანების  მაიმუნის ყვავილით დაინფიცირების შემთხვევები, რომელთა უმრავლესობა დაფიქსირდა მაიმუნის ყვავილის ენდემურ ქვეყნებში: ნიგერია, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, კამერუნი და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა"- აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ცენტრში.

მათივე განმარტებით, მაიმუნის ყვავილის კლინიკა უპირატესად ყვავილის კლინიკის მსგავსია, თუმცა გაცილებით მსუბუქად მიმდინარეობს. ინკუბაციური პერიოდი 5-დან 21-დღემდეა.

მას ახასიათებს: ცხელება (>38.3⁰C), რომელსაც თან ახლავს თავის ძლიერი ტკივილი, ლიმფოადენოპათია, წელის ტკივილი, მიალგია, ძლიერი სისუსტე და 1-3 დღის შემდეგ განვითარებული პროგრესული გამონაყარი, რომელიც ხშირად სახიდან იწყება და შემდეგ ვრცელდება სხეულის სხვა ნაწილებზე, მ.შ. ფეხის ტერფებსა და ხელის გულებზე. გამონაყარი იწყება მაკულებით, რომლებიც გარდაიქმნება პაპულებად, ვეზიკულებად, პუსტულებად და შემდეგ ქერქად.

"აღსანიშნავია, რომ ევროპის ქვეყნებში დაფიქსირებული შემთხვევების უმეტესობა ჰომო ან ბისექსუალია, რის გამოც დიდი მნიშვნელობა ენიჭება შემთხვევის სექსუალური ორიენტაციის დადგენას. მათ ნაწილს აღენიშნება გამონაყარი გენიტალურ ან / და პერიანალურ არეებში. შესაძლო ან სავარაუდო შემთხვევების აღმოჩენის შემთხვევაში, კონტაქტებისა და დაავადების წყაროს დადგენის გარდა, აუცილებელია დიფერენციალური დიაგნოზის გატარება ჩუტყვავილასთან, წითელასთან, მარტივ ჰერპესვირუსულ ინფექციასთან, სიფილისთან და სამკურნალო პრეპარატების მოხმარებით გამოწვეულ ალერგიასთან.

ნატურალური ყვავილის საწინააღმდეგო აცრა საკმაოდ ეფექტიანად იცავდა მაიმუნის ყვავილის ვირუსისგანაც.

მკურნალობა შესაძლებელია ყვავილის საწინააღმდეგო პრეპარატებით"- აღნიშნულია დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფრომაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში