აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადება

29 აპრილი 2022, 14:59 1767 ნახვა

გვსურს, გამოვეხმაუროთ მაუწყებლის იმ თანამშრომლების განცხადებას, რომლებიც აპროტესტებენ ერთ-ერთი თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლებას.

საქმე ეხება ა/წ 8 აპრილს, მაუწყებლის შენობაში მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც ხსენებული თანამშრომელი სამუშაო ოთახში შეუვარდა ქალ თანამშრომელს, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, აგრესიულად და უცენზურო სიტყვებით მოიხსენია, რა დროსაც საჭირო გახდა სამართალდამცავების გამოძახება.  რის შემდეგაც ქალს, რომელიც გახდა შეურაცხყოფის ადრესატი, შექმნილი ჰქონდა მძიმე ემოციური ფონი და მაუწყებლის ხელმძღვანელობისგან მოითხოვა შესაბამისი რეაგირება.

ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია ნებისმიერი ძალადობა, მით უმეტეს, როცა საქმე ეხება ქალზე ძალადობას. იმედს ვიტოვებთ, მსგავსი შემთხვევა აღარ განმეორდება. მაუწყებელი ვერ გახდება ძალადობის წამახალისებელი და ყოველთვის იხელმძღვანელებს მაღალი პროფესიული სტანდარტით.

აქვე, გვინდა გამოვეხმაუროთ ე.წ ალტერნატიულ პროფკავშირის განცხადებას, რომელშიც იკვეთება აზრი, თითქოს ეს თანამშრომელი გათავისუფლებულია კრიტიკული შეხედულებებისა და განსხვავებული პოლიტიკური გემოვნების გამო და დირექციის მხრიდან პერსონალური დევნის მსხვერპლია. ამ განცხადების აბსურდულობას ამტკიცებს ის ფაქტობრივი მოცემულობა, რაც წინ უძღოდა გათავისუფლების გადაწყვეტილებას. სამწუხაროდ, სწორედ პოლიტიკურად მოტივირებული ჯგუფის ქმედება აზიანებს მაუწყებელს და პოლიტიკურ გემოვნებას ცალსახად იყენებს აბსოლუტურ პირობად, რომ ყველა ადმინისტრაციული და სამსახურებრივი გადაცდომის დროს, მათი მფარველობის ქვეშ მოქცეული ადამიანები, გახდნენ ხელშეუხებელნი, იმ შემთხვევაშიც კი, როცა საქმე გვაქვს სამსახურებრივ უპასუხისმგებლობასთან და მეტიც, ქალი თანამშრომლის არაერთგზის შეურაცხყოფასთან.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში