ევროკავშირისგან გადმოცემული კითხვარის 1-ელი ნაწილი საქართველომ უკვე მოამზადა და მთავრობა ევროკომისიას მას ორშაბათს გადასცემს. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სამთავრობო კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.
„პრემიერ-მინისტრთან ერთად, დღეს კომისიის ფარგლებში განვიხილეთ კითხვარის მომზადების საკითხი. აღნიშნული კითხვარის პირველი ნაწილი მომზადდა ყველა სახელმწიფო უწყების მხრიდან ძალიან აქტიური ჩართულობით, უზარმაზარი სამუშაო გაიწია და საქართველოს მთავრობა ორშაბათს ევროკომისიას გადასცემს კითხვარის პირველ ნაწილს, რომელიც დასამუშავებლად გადმოგვეცა. რაც შეეხება ბოლო ნაწილს, სექტორულ ნაწილს, რომელიც უფრო ტექნიკური და სპეციფიკურია, აღნიშნულ დოკუმენტში არის დაახლოებით 2300 კითხვა.
ამ დოკუმენტზე მუშაობა დაწყებული აქვს ყველა სახელმწიფო უწყებას, შესაბამისად, დადგენილი ვადები აღნიშნული დოკუმენტის გაზიარების ჩვენს ევროპულ პარტნიორებთან არის 13 მაისი და ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ აღნიშნული კითხვარის ბოლო, რაც შეიძლება მალე დავასრულოთ მუშაობა და გავუზიაროთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს. ამასთან, დღეს იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ კითხვარის სექტორული ნაწილიც დღეს გასაჯაროვდება“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.
ილია დარჩიაშვილის განცხადებით, დღეს კითხვარის მეორე ნაწილიც გასაჯაროვდება.
„იყო ძალიან მაღალი საჯარო ინტერესი და წინა კომისიის ფარგლებში იყო გადაწყვეტილება მიღებული კითხვარის პირველი ნაწილის გასაჯაროვებასთან დაკავშირებით, შესაბამისად, აღნიშნული კომისიის ფარგლებში რომელიც დღეს გაიმართა, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კითხვარის მეორე ნაწილი, რომელიც არის სექტორული, დღეს გახდება საჯარო, ისევე როგორც გავასაჯაროვეთ კითხვარის პირველი ნაწილი“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.