მოლდოვის დნესტრისპირეთის რეგიონში, ბოლო დღეებში მომხდარი ინციდენტები მოლდოვის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას აზარალებს. ამის შესახებ ნათქვამია საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის განცხადებაში.
ევროკავშირი მოუწოდებს ყველა პასუხისმგებლიან აქტორს, თავიდან აიცილოს ვითარების დესტაბილიზაცია. ამასთან, ბრიუსელში მიესალმებიან მოლდოვის რესპუბლიკის თავშეკავებულ რეაქციებს, რაც ეხმარება ქვეყანაში სიმშვიდის შენარჩუნებაში.
„ევროკავშირი სოლიდარულია მოლდოვისადმი და ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას მოლდოვის რესპუბლიკის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში და დნესტრისპირეთის რეგიონისთვის სპეციალური სტატუსით“, – აღნიშნულია ბორელის განცხადებაში.
უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შედეგებთან გამკლავებაში, მოლდოვის მხარდასაჭერად, ევროკავშირი მოლდოვას აწვდის ყოვლისმომცველ დახმარებას ლტოლვილთა ნაკადით გამოწვეული მყისიერი გამოწვევების მოსაგვარებლად, ასევე ევროკავშირმა გააძლიერა მოლდოვის საერთო მდგრადობის გასამტკიცებლად საშუალოვადიანი მხარდაჭერა.