უკრაინის დედაქალაქ კიევში ორი ძლიერი აფეთქება მოხდა, - ინფორმაცია ამის შესახებ თავდაპირველად "Reuters"- მა გაავრცელა.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩევლის მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, კიევზე სარაკეტო დარტყმა გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტიერეშის ვიზიტის დროს განხორციელდა.
"სარაკეტო დარტყმები კიევის ცენტრში ანტონიო გუტიერეშის ოფიციალური ვიზიტის დროს მოხდა. 1 დღის წინ ის კრემლში გრძელ მაგიდასთან იჯდა, დღეს კი მის თავზე აფეთქებები მოხდა. მისალოცი ბარათი მოსკოვისგან? გაიხსენეთ, რატომ იკავებს რუსეთი ამ დრომდე ადგილს გაეროს უსაფრთხოების საბჭოში?", - წერს პოდოლიაკი "ტვიტერზე".
ინფორმაცია კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომაც დაადასტურა. მისივე განმარტებით, აფეთქებები შევჩენკოს რაიონში მოხდა.
"ერთი რაკეტა ობიექტს მოხვდა, ხოლო მეორე საცხოვრებელი სექტორის პირველ სართულებს",დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება", - აცხადებს კლიჩკო.
დედაქალაქში 18:22 საათზე საჰაერო განგაში ჩაირთო. ხელისუფლება მოქალაქეებს მოუწოდებს გარეთ გასვლისგან თავი შეიკავონ.