წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის მოლოდინში

23 აპრილი 2022, 12:10 972 ნახვა

დღეს დიდი შაბათია. ქრისტიანული სამყაროს ყურადღება იერუსალიმში, მაცხოვრის ტაძრისკენაა მიმართული. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული მომლოცველები, ცეცხლის გარდამოსვლას ელოდებიან.

ტაძარში შესვლა მხოლოდ სპეციალური საშვითააა შესაძლებელი, გზად თითქმის ყველგან დგას პოლიცია და ყველა შემსვლელს აკონტროლებს.

გუშინ, ღამით ტაძარში ქრისტეს წესის აგება შეასრულა იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქმა, მსახურების შემდეგ კი ყველა კანდელი და სანთელი ჩააქვრეს.

ტაძარი მთელი ღამე ბნელით იყო მოცული. მას შემდეგ, რაც მაცხოვრის საფლავს ტრადიციისამებრ კუსტოდიით - ლუქის ან ცვილის ბეჭდით - დალუქავენ, აღდგომის ტაძარში ხმაურითა და დაფდაფებით ერთმანეთის მხარზე შემომსხდარი ახალგაზრდა არაბი მართლმადიდებლები შეიჭრებიან. შემდეგ ტაძარში შევა პატრიარქი, მას მიჰყვებიან სომეხი, კოპტი და სირიელი სასულიერო პირები, ტრადიციული პატივისცემის ნიშნად მიეახლებიან და ხელზე ემთხვევიან. მოლიტანიენი ჯერ აღდგომის ტაძარს შემოუვლიან გალობით, შემდეგ სამგზის - კუვუკლიას და ჩერდებიან მაცხოვრის საფლავის მცირე ტაძრის შესასვლელის წინ.

პატრიარქი განიმოსება - განიძარცვავს სადღესასწაულო შესამოსელს - და კვართითღა რჩება. იღება კარი და იგი სამლოცველოში შედის.

უძველესი დროიდან მოყოლებული, პატრიარქს კუვუკლიაში შესვლის წინ გულმოდგინედ ჩხრეკენ, რათა არაფერი შეიტანოს ისეთი, რითაც სანთლის ანთება შეიძლება. მასთან ერთად კუვუკლიაში შესვლა შეუძლია მონოფიზიტ მღვდელმთავარსაც, მაგრამ მას მხოლოდ ანგელოზის ეკვდერში დგომის უფლება აქვს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში