საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთო-ს უმაღლესი კომისარი დეტალურად ეცნობა ქვეყანაში ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობას, ასევე მდგომარეობას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში. იგი უკვე შეხვდა პრემიერ-მინისტრს.
ირაკლი ღარიბაშვილთან აუდიენცისას ყურადღება დაეთმო საქართველოს თანამშრომლობას ეუთო-ს ინსტიტუტებთან.
უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გარდა, მხარეებმა ისაუბრეს ეუთო-ს ჩართულობაზე საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების პროცესში.
სწორედ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ჰუმანიტარული და უფლებრივი ვითარება გააცნო საქართველოში ვიზიტით მყოფ კაირატ აბდრახმანოვს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა.
განსაკუთრებული აქცენტი კი თეა ახვლედიანმა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა სამოქალაქო და პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობის გაზრდაზე, მათ გაძლიერებასა და მხარდაჭერაზე გააკეთა.