ქუთაისის საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატმა პროკურატურაში სარჩელი შეიტანა. ,,ნაციონალური მოძრაობის'' წევრი, სახელმწიფო აუდიტის 2019-2020 წლის ანგარიშის საფუძველზე, ქუთაისის მერიაში კონკრეტული თანამდებობის პირებზე გამოძიების დაწყებას ითხოვს.
გიგა შუშანია ამბობს, რომ დოკუმენტით მტკიცდება ქუთაისის მერიაში თანხების გაფლანგვა და თანამდებობების ბოროტად გამოყენება.
,,მაშინ, როდესაც ,,ქართული ოცნება’’ მიხეილ სააკაშვილს ე.წ პიჯაკების საქმეზე ასამართლებს, ამ დროს მმართველი გუნდის წევრები მილიონობით ლარს ფლანგავენ. აუდიტის სამსახურის დასკვნის მიხედვით, 2019-2020 წლებში 358 ათასი ლარის ღირებულების სოციალური დახმარებები მერიის თანამშრომლებზე გაიცა. 22 მილიონის ღირებულების მუნიციპალური ტრანსპორტი 9 თვეში გაფუჭდა. უხარისხოდაა შესრულებული მთელი რიგი სარეაბილიტაციო სამუშაოები. ამ ყველაფრის გამო შემაქვს სარჩელი და ვითხოვ დროულ გამოძიებას.
აქ იკვეთება დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვა, თანამდებობის ბოროტად გამოყენება, გულგრილობა, ამიტომ მივმართავ პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება და დადგეს კონკრეტული თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხი'' - აცხადებს გიგა შუშანია.
სახელმწიფო აუდიტის დოკუმენტის მიხედვით, ქუთაისის მერიის თანამშრომლებზე 2019-2020 წლებში სოციალური დახმარებები დასაბუთების გარეშეა გაცემული. დახმარება გაცემულია მერიისა და საკრებულოს მაღალანაზღაურებად თანამდებობის პირებზე. ასევე მუნიციპალიტეტს სათანადო კონტროლი არ აქვს დაწესებული საწვავის მიზნობრივ გამოყენებაზე.
დოკუმენტის მიხედვით, შვებულების პერიოდში ავტომობილების საწვავით გამართვის 236 ფაქტი დაფიქსირდა, ჯამში გახარჯულია 15.1 ათასი ლარის ღირებულების 6.0 ათასი ლიტრი საწვავი. დოკუმენტში საუბარია სხვა დარღვევებზეც.
ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე ქუთაისის მერიასა და სახელმწიფო აუდიტს შორის მიმდინარეობს კითხვა-პასუხის პროცესი და კომენტარი მოგვიანებით გაკეთდება.
,,სახელმწიფო აუდიტმა მოგვაწოდა საკუთარი ანგარიში, ქუთაისის მერიას აქვს პასუხები და როცა საბოლოოდ შევჯერდებით, შემდეგ გავაკეთებთ შესაბამის კომენტარს”- ამბობენ ადგილობრივ თვითმმართველობაში.