ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა ქობულეთში. რუსთაველის და ვერულიძის ქუჩებზე ქარმა საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა.
დაზიანდა საცხოვრებელ კორპუსთან მდგარი ავტომობილებიც, რომლებსაც სახურავიდან გადმოყრილი ფრაგმენტები დაეცა.
ქარმა სახურავი დაუზიანა რამდენიმე საცხოვრებელ კორპუსს დაბა ჩაქვშიც.
ადგილზე იმყოფება ქობულეთის მერიის ზედამხედველობის სამსახურების თანამშრომლები, რომლებიც ადგილზე სწავლობენ ვითარებას.
ქობულეთში რამდენიმე წუთის წინ ქარბორბალა დაფიქსირდა, რომელმაც ვერულიძის ქუჩაზე მდებარე კორპუსს სახურავი გადახადა.
ქობულეთის მერის მოადგილის, დავით ვერულიძის ინფორმაციით, ქარმა სახურავი რამდენიმე სახლს გადახადა. მისივე თქმით, მიმდინარეობს ზარალის შესწავლა.
"რამდენიმე მისამართზე გადახადა სახურავი, ვერულიძის 9 და 5 ნომერში, რუსთაველის 162-ში და კომახიძის 5 ნომერში. ჩაქვშიც გადახადა, აღმაშენებლის 9 ნომერში მრავალბინიან საცხოვრებელ შენობას. დაახლოებით, 3-4 კერაა ხანძრის, რომლებიც ლოკალიზებულია", - აცხადებს დავით ვერულიძე.
ქობულეთის მერის ლევან ზოიძის ინფორმაციით, შესაბამისი სამსახურები ხვალ ზარალს დაითვლიან.
“ქობულეთში ძლიერი ქარი იყო, რამდენიმე საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა, ხეებმა კი გზები ჩახერგა. ამ დროისათვის, ყველა ლოკაციაზე გზა გაწმენდილია, შესაბამისი სამსახურები მუშაობენ. რამდენიმე ადგილზე ვიმყოფებოდი დავათვალიერე კორპუსები, ჩვენ მაქსიმალურად ხალხის გვერდითი ვართ, დაითვლება ზარალი და შესწავლის შედეგად ყურადღებას მივაქცევთ”,- აცხადებს ლევან ზოიძე.
მუნიციპალიტეტის ნაწილს ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება.