ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე საქართველოს კითხვარი გადაეცა

11 აპრილი 2022, 14:25 1274 ნახვა

ევროკომისიამ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადზე საპასუხოდ კითხვარი გადასცა.

დოკუმენტი ევროკომისარმა გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს ლუქსემბურგში გადასცა.

კითხვარის გადაცემის ცერემონია ლუქსემბურგში გაიმართა. საქართველოსთან ერთად კითხვარი გადაეცა მოლდოვასაც.

ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის განცხადებით, ევროკავშირი მზად არის, იმუშაოს საქართველოსთან ერთად, რომ ევროკავშირის საბჭომ საქართველოსთან  მიმართებაში მაქსიმალურად სწრაფად წარმოადგინოს თავისი დასკვნა.

"ამ კითხვარის მეშვეობით, ჩვენ გვსურს გავიგოთ, რა ხდება თქვენს ქვეყანაში პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობის თვალსაზრისით. კიდევ ერთი ასპექტი შეეხება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობას ევროკავშირის კანონმდებლობასთან. ეს თქვენი პირველი ნაბიჯია ევროპულ გზაზე. ჩვენი მხრიდან, მზად ვართ ვიმუშაოთ თქვენთან ერთად, რათა ევროკავშირის საბჭომ მაქსიმალურად სწრაფად წარმოადგინოს თავისი დასკვნა“, – განაცხადა ვარჰეიმ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით,  ახლა მთვარია, ყველა ვკონცენტრირდეთ ამ ძალიან მნიშვნელოვან პროცესზე, რომ დროულად მოხდეს კითხვარის შევსება.

" ახლა მთვარია, ყველა ვკონცენტრირდეთ ამ ძალიან მნიშვნელოვან პროცესზე, რომ დროულად მოხდეს შევსება კითხვარის, გადმოგზავნა ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის, რათა საქართველომ აქტიურად გააგრძელოს ჩვენი ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანეს პროცესში მონაწილეობა. ინკლუზიურობა ამ პროცესში არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ამიტომ ყველა სახელმწიფო უწყება იქნება მობილიზებული ამ ძალიან მნიშვნელოვან პროცესში მონაწილეობისთვის.

რაც შეეხება ვადებს, ვადების ნაწილში საქართველო იმის მიხედვით, როგორც მოხდება ამ პროცესის წინ წაწევა, ამაზე იქნება კონცენტრირებული. ჩვენ ვეცდებით, ყველა შესაძლებლობა გამოვიყენოთ და მაქსიმალური კონცენტრაცია მოვახდინოთ ყველა სახელმწიფო უწყებამ, რომ ეს კონკრეტული კითხვარი რაც შეიძლება მალე საქართველომ წარმოადგინოს ევროკავშირში“,- განაცხადა დარჩიაშვილმა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი