საქართველოს ფინანსთა მინისტრის განცხადებით, პროდუქტების დეფიციტი ქვეყანაში არ დადგება.
ლაშა ხუციშვილის თქმით, უკრაინაში მიმდინარე მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო სურსათზე გაზრდილი ფასების გადახდა უწევს თითოეულ მოქალაქეს მსოფლიოში და არა მარტო საქართველოში.
„პირველ რიგში, რაც არის მნიშვნელოვანი, სასურსათო უსაფრთხოების კუთხით, ქვეყანა არის სრულად მომზადებული. პროდუქტების დეფიციტი არცერთ პროდუქტთან მიმართებაში ქვეყანაში არ დადგება და შესაბამისად, ამ მიმართულებით ქვეყანა სრულად არის მზად. ბუნებრივია, როდესაც საერთაშორისო ბაზრებზე ხდება ფასების ზრდა, კონკრეტული გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, ეს ასახვას ნამდვილად პოვებს საქართველოზეც, თუმცა ქვეყანა ცდილობს, მაქსიმალურად ნაკლები დანაკარგებით გავიაროთ ეს პროცესი“, - განაცხადა ხუციშვილმა.
ფინანსთა მინისტრის თქმით, ქვეყანას დაახლოებით, 1.5 თვის ხორბლის რესურსი აქვს და სუბსიდირებაზე საუბარი მხოლოდ მაშინ დაიწყება, თუ ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებას საფრთხე შეექმნება.
„ფქვილის ფასთან დაკავშირებით საერთაშორისო ბაზრებზე ძალიან დინამიურია სიტუაცია. ცვლილებები ძალიან სწრაფად ხდება როგორც შემცირების, ასევე ზრდის მიმართულებით. შესაბამისად, ამ ეტაპზე მუშაობა გრძელდება. თუ იქნება ამის საჭიროება და თუ იქნება მაღალი რისკი, რომ ქვეყანას დასჭირდება უფრო მეტი ხორბლის შემოტანა სასურსათო უსაფრთხოების გამყარებისთვის, ეს გადაწყვეტილება ბუნებრივია იქნება მიღებული“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.