კიევსა და კიევის ოლქში დღეს 20:00 საათიდან 23 მარტის 07:00 საათამდე გაძლიერებული კომენდანტის საათი გამოცხადდა. ინფორმაციას კიევის სახელმწიფო ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღნიშნული დროის მანძილზე სპეციალური საშვების გარეშე ქალაქში გადაადგილება იკრძალება. სახლიდან გასვლა მხოლოდ უახლოეს თავშესაფარში გადასვლის მიზნით იქნება დასაშვები.
ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებიც კომენდანტის საათის დროს ქუჩაში იქნებიან სპეციალური საშვის გარეშე, განიხილება დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფების წევრებად.
"ყველას გთხოვთ, დარჩით სახლში ან თავშესაფარში. ქალაქში გადაადგილებას შეძლებს მხოლოდ ტრანსპორტი სპეციალური საშვით. დავიცვათ საომარი მდგომარეობის წესები. გვჯეროდეს ჩვენი შეიარაღებული ძალების! გავუძლებთ! დიდება უკრაინას!“, - განაცხადა კლიჩკომ.