პოლონეთი საქართველოს გამორჩეული მეგობარი და პარტნიორია, რომელთანაც გვაკავშირებს სტრატეგიული თანამშრომლობა და მჭიდრო ურთიერთობები მთელი რიგი მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა პოლონელ კოლეგა მათეუშ მორავიეცკისთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
„ჩვენ წარმატებით ვთანამშრომლობთ როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში და ვართ დაინტერესებული, მოტივირებულები, რომ კიდევ უფრო განვავრცოთ ჩვენი მრავალგანზომილებიანი ურთიერთობები. ვაფასებთ პოლონეთის მტკიცე მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ჩვენი ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისადმი. ჩვენი ხალხების საერთო ისტორიაში თავისუფლებისთვის ბრძოლაში სოლიდარობის და ურთიერთთანადგომის არაერთი მაგალითია. საქართველო და პოლონეთი ყოველთვის იდგა გვერდი-გვერდ მძიმე წუთებში.
რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების კუთხით, დღეს არსებული გამოწვევების ფონზე, ის რაც ხდება უკრაინაში, რა თქმა უნდა, პოლონეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი მხარდაჭერის მორიგი ნათელი გამოხატულებაა. მით უმეტეს ჩვენ ვიცით, რომ პრემიერ-მინისტრი მორავიეცკი პირადად იყო ჩასული კიევში, იგი შეხვდა უკრაინელ ლიდერებს და პირადად გამოხატა სოლიდარობა და მხარდაჭერა. რაოდენ სიმბოლურია, რომ პოლონეთისა და ევროპის გამორჩეული ლიდერის, საქართველოს დიდი მეგობრის, პრეზიდენტ კაჩინსკის მონუმენტს ჩვენ ერთად გავხსნით ბათუმში.
ჩვენ, ქართველებს არასოდეს დაგვავიწყდება პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის გმირობის ტოლფასი საქციელი, როდესაც იგი, ევროპელ ლიდერებთან ერთად, ჩამოვიდა თბილისში 2008 წლის აგვისტოში, მაშინ, როცა ჩვენ გვქონდა ფართომასშტაბიანი ომი რუსეთის ფედერაციასთან და დადგა ჩვენი ხალხის გვერდით, მან გაუკეთა ორგანიზება ევროპელი ლიდერების ჩამოყვანას, მან პირადად ჩამოიყვანა ევროპელი ლიდერები თბილისში, რათა დამდგარიყო ჩვენი ხალხის გვერდით. ამას თითოეული ქართველი ძალიან აფასებს, ჩვენ გვახსოვს და ვართ მადლიერნი.“- აღნიშნა პრემიერმა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო კვლავაც იქნება უკრაინისადმი სოლიდარული და მტკიცედ გააგრძელებს მის მხარდაჭერას.
„პრემიერ-მინისტრს გავაცანი ის აქტიური პოლიტიკური და ჰუმანიტარული დახმარება, რომელსაც საქართველო უწევს უკრაინას ყველა საერთაშორისო, პოლიტიკურ დონეზე, იქნებოდა ეს გაეროს რეზოლუცია, ეუთოს ფორმატში, ევროკავშირის ფორმატში, ევროპის საბჭოს ფორმატში- ჩვენ ყველგან დავუჭირეთ მხარი ან ვიყავით ამ რეზოლუციების თანასპონსორი, თანაორგანიზატორი. ჩვენ, რა თქმა უნდა, მხარი დავუჭირეთ გამოძიების დაწყებას, რომელმაც უნდა შეისწავლოს ომის დანაშაულებები უკრაინაში. ამიტომ, ჩვენი პოზიცია არის აბსოლუტურად ცხადი და გასაგები. რა თქმა უნდა, ჩვენ სოლიდარული ვართ. მინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩვენი მტკიცე მხარდაჭერა უკრაინის დამოუკიდებლობის, მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. ისევე როგორც პოლონეთს, საქართველოს უკრაინასთან აკავშირებს სახელმწიფოებრივი და ხალხთაშორისი მეგობრობის ხანგრძლივი ისტორია"-განაცხადა ღარიბაშვილმა.
დღესვე დაგეგმილია ბათუმის ბულვარში პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის ძეგლის გახსნა.