რუსეთისთვის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია უცვლელია და ვერავინ შეგვაცვლევინებს - ირაკლი კობახიძე 

16 მარტი 2022, 14:06 1065 ნახვა

''ქართული ოცნების'' თავმჯდომარე აცხადებს, რომ რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე მმართველი გუნდის პოზიცია უცვლელია და ამ პოზიციას ვერავინ შეაცვლევინებს.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს მთავრობა არ აპირებს შეუერთდეს რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს. 

''ომის პარტია ''ნაციონალური მოძრაობის'' სახით ღიად ვერ ბედავს საუბარს სანქციების დაწესებაზე და საქართველოს სამხედრო კონფლიქტში ჩართვის შესახებ,  თუმცა ყველა მათი პროვოკაცია ამისკენ არის მიმართული. 

მათი აშკარა მიზანია ხელისუფლებამ მიიღოს ქართული სახელმწიფოსა და ქართველი ხალხისთვის უკიდურესად საზიანო გადაწყვეტილებები, დააწესოს ეკონომიკური სანქციები და ქვეყანა ჩართოს ომში, რაც საქართველოსთვის უმძიმესი შედეგის  მომტანი იქნება. 

ამ დღეების განმავლობაში ''ნაციონალური მოძრაობის'' კუთვნილმა  ტელევიზიებმა გააშუქეს ლობისტების განცხადება, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებას სანქციების მიერთებისკენ მოუწოდებდნენ. 

2008 წლის ომის შემდეგ რუსეთისთვის სანქციები არ დაუწესებია არც ერთ სახელმწიფოს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ომის დროს რუსეთმა განახორციელა საქართველოს 20% ოკუპაცია, დაიღუპა ასობით სამხედრო და სამოქალაქო პირი და დევნილად იქცა ათასობით მოქალაქე. ამ ყველაფრის მიუხედავად, 2008 წლის ომის შემდეგ, რუსეთისთვის სანქციები არ დაუწესებია არც საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებას. მეტიც, საქართველოს ხელისუფლებამ, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში, 2010 წელს ნაწილობრივ, ხოლო 2012 წელს სრულად შემოიღო უვიზო მიმოსვლის რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის. 2012 წლის შემდეგ, ჩვენი ხელისუფლების პირობებში, რუსეთთან გაფართოვდა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები. წინა თუ მოქმედი ხელისუფლების არც ერთ ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით არავის, ვიმეორებთ – არავის არავითარი კრიტიკული შენიშვნა არ გამოუთქვამს.

მოვუწოდებთ „ომის პარტიას“ „ნაციონალური მოძრაობის“ სახით, თუ სანქციების დაწესებას ემხრობიან, კეთილი ინებონ და ფარული აგიტაციის, პროვოკაციების მოწყობისა და უცხოელი ლობისტების დაქირავების ნაცვლად, ღიად ისაუბრონ ამაზე.

ეკონომიკური სანქციების დაწესებით საქართველოს ხელისუფლება ვერავითარ ზიანს ვერ მიაყენებს რუსეთს, საკუთარ ქვეყანასა და მოსახლეობას კი უმძიმესი დარტყმის ქვეშ დააყენებს. აქედან გამომდინარე, ჩვენი პოზიცია სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით არის უცვლელი და ამ პოზიციას ვერავითარი პროვოკაციების, ფარული კამპანიების თუ უცხოელი ლობისტების მეშვეობით ვერავინ შეგვაცვლევინებს. ვიმეორებთ, რომ საქართველო არ შეუერთდება რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს", - განაცხადა კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი