უკრაინის პრეზიდენტი გამოეხმაურა რუსეთის განცხადებებს, თითქოს უკრაინაში ბიოლოგიური იარაღის ლაბორატორიებია. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.
მე ადეკვატური ქვეყნის ადეკვატური პრეზიდენტი ვარ და არანაირი ქიმიური იარაღი ჩემი ქვეყნის ტერიტორიაზე არ მზადდება - განაცხადა პრეზიდენტმა.
მანამდე, რადიაციული და ქიმიური უსაფრთხოების ძალების ხელმძღვანელმა იგორ კირილოვმა განაცხადა, რომ უკრაინამ, შეერთებული შტატების მონაწილეობით, შექმნა ლაბორატორიები გადამფრენი ფრინველებისა და ღამურების მიერ საშიში ინფექციების და ბიოლოგიური იარაღის გავრცელების შესასწავლად.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინი უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა და რუსეთს ტერორისტი სახელმწიფო უწოდა.
„ჩვენ ადეკვატური ხალხი ვართ. მე ადეკვატური ქვეყნის, ადეკვატური ხალხის პრეზიდენტი და ორი შვილის მამა ვარ. არავითარ ქიმიურ ან სხვა მასობრივი განადგურების იარაღს ჩემს მიწაზე არავინ ამზადებს. ეს მთელმა მსოფლიომ იცის. თქვენც იცით. და თუ რაიმე ამდაგვარს გააკეთებთ ჩვენს წინააღმდეგ, პასუხად მიიღებთ მკაცრ სანქციებს“, - განაცხადა ზელენსკიმ.