კრემლში ირწმუნებიან, რომ, „კონფლიტის დასარეგულირებლად“, მზად არიან უკრაინის მხარესთან და უცხოელ პარტნიორებთან შესახვედრად, მაგრამ ომი არ შეჩერდება, ვიდრე უკრაინა რუსეთის ფედერაციის მოთხოვნებს არ შეასრულებს, ამის შესახებ ინფორმაცია კრემლის ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელდება.
„ვადასტურებთ რუსეთის მხარის მზაობას დიალოგისთვის უკრაინის ხელისუფლებასთან და უცხოელ პარტნიორებთან კონფლიტის დარეგულირების მიზნით.
ამასთან, ყურადღებას ვამახვილებთ მოლაპარაკებების პროცესის უპერსპექტივო გაჭიანურების მცდელობაზე, რასაც უკრაინელი ძალოვნები მიმართავენ საკუთარი ძალებისა და საშუალებების გადაჯგუფებისთვის. ხაზს ვუსვამთ, რომ სპეცოპერაციის შეწყვეტა შესაძლებელია მხოლოდ კიევის მიერ საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტისა და რუსეთის მოთხოვნების შესრულების შემთხვევაში“, - ნათქვამია განცხადებაში.
ამავდროულად ვრცელდება ინფორმაცია, რომ პუტინმა ერდოღანთან დაიტრაბახა, თუ როგორ ზუსტად და გეგმის მიხედვით მიმდინარეობს მისი „სპეცოპერაცია“, თუმცა ისევ ირწმუნება, რომ მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუტურას ბომბავს.