რა გგონიათ თქვენ, თქვენზე ნაკლები პატრიოტები ვართ? - დავით ზალკალიანი 

28 თებერვალი 2022, 14:56 1142 ნახვა

დავით ზალკალიანი ამბობს, რომ მოსალოდნელი საფრთხეები ხელისუფლებას აღელვებს და ამის შესახებ ესაუბრა უკრაინელ და ევროპელ პარტნიორებს.

''რა გგონიათ თქვენ, თქვენზე ნაკლები პატრიოტები ვართ? არავისზე ნაკლები პატრიოტები არ ვართ და ჩვენი საქმიანობით და ჩვენი ცხოვრებით გვაქვს დამტკიცებული საქართველოს ერთგულება იმ უკანონობის წინააღმდეგ, რასაც რუსული აგრესია ჰქვია საქართველოში.

როგორ გგონიათ, პასუხისმგებლიანი მთავრობა, ხელისუფლება, ასეთი სიფრთხილით არ უნდა ეკიდებოდეს პროცესს? როდესაც 40 კილომეტრში, აი, აქვე დგანან. მათ არ სჭირდებათ დამატებითი მობილიზაცია - ის, რაც განახორციელეს უკრაინასთან - თვეობით კონტინგენტის მიყვანა. აქვე არიან, ავტობანიდან ჩანს მათი ოკუპაციის შედეგი. რამდენიმე წუთი დასჭირდებათ იმისთვის, რომ მთლიანად საქართველო თავდაყირა დააყენონ'' - განაცხადა ზალკალიანმა. 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, სოლიდარობის გამოხატულებაა ისიც, რომ უკრაინაში საქართველოს საელჩოს თავზე ქართული დროშა ფრიალებს. 

„გვქონდა შეხვედრა ჩვენს უკრაინელ კოლეგასთან. პრემიერის დავალებით, მე მას გადავეცი, მზაობა რომ საქართველომ უკრაინას გამოუყოს ძალიან მნიშვნელოვანი, სერიოზული ჰუმანიტარული დახმარება და ეს დახმარება მოგეხსენებათ უკვე გაგზავნილია. ჩვენ ასევე გამოვხატეთ მზაობა, რომ საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს, რომლებიც ვერ დაბრუნდნენ სამშობლოში, უსასყიდლოდ განვათავსოთ სასტუმროებში და მათ შესაბამისი დახმარება აღმოვუჩინოთ. მსგავსი სახის ჰუმანიტარული დახმარებები აუცილებლად გაგრძელდება. პრემიერის, დავალებით მე მონაწილეობა მივიღე ეუთოს მუდმივი საბჭოს სპეციალურ სხდომაში, სადაც ძალიან მწვავე შეფასებები გავაკეთე უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით.

ჩვენი სოლიდარობის, მხარდაჭერის და ურყევი პოზიციის გამოხატულებაა ის, რომ ჩვენი საელჩო უკრაინაში, მაშინ როდესაც კიევი დაცლილია და სულ რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენელი იმყოფება შემცირებული რაოდენობით, ქართული დროშა ჯერ კიდევ კიდია კიევში ჩვენი საელჩოს თავზე. მე შევთავაზე მათ წამოსვლა, ძალიან კარგად ვიცი, რომ საფრთხე ემუქრებათ, ფიზიკური საფრთხე ემუქრებათ მათ, მაგრამ ყველამ ერთხმად აღნიშნა, რომ ისინი იქ უნდა დარჩნენ. რა თქმა უნდა წამოვიყვანეთ მათი ოჯახის წევრები. ისინი დღე და ღამეს ათენებენ იმისთვის, რომ ჩვენ მოსახლეობას იქ დარჩენილ საქართველოს მოქალაქეებს, ისევე როგორც ჩვენ უკრაინელ და-ძმებს ჰქონდეთ ეს სოლიდარობის განცდა და მე მინდა მადლობა გადავუხადო მათ ამისთვის. დღეს რა უპრეცედენტო მხარდაჭერაცაა უკრაინის მიმართ, ამ მხარდაჭერის სრული თანამონაწილე და გამზიარებელია ჩვენი ქვეყანა“, - განაცხადა ზალკალიანმა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი