საქართველოს არავითარი საფრთხე არ ემუქრება - პრემიერი

25 თებერვალი 2022, 12:24 1249 ნახვა

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს არავითარი საფრთხე არ ემუქრება.

''ჩვენ დღეს არავითარი საშიშროება არ გვაქვს, საჭიროა სიმშვიდე შევინარჩუნოთ. არავითარი საფრთხე საქართველოს არ ემუქრება. ჩვენ ჩვენი ეროვნული და პრაგმატული პოლიტიკით მოვახერხეთ ის, რომ ამ ცხრა წლის განმავლობაში ქვეყანამ მიაღწია მშვიდობას და სტაბილურობას.

ამასთანავე, ჩვენ მივაღწიეთ ყოველგვარი დანაკარგების, ყოველგვარი დესტაბილიზაციის გარეშე ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერას, უვიზო რეჟიმს და თავისუფალ ვაჭრობას. პარალელურად ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ სიტუაცია მაქსიმალურად დავასტაბილურეთ, მათ შორის რუსეთთანაც მოვახერხეთ სიტუაციის დეესკალაცია, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს შეესაბამებოდა'' - განაცხადა ღარიბაშვილმა. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სუვერენულ სახელმწიფოზე თავდასხმა მიუღებელია. 

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერა აღმოუჩინონ უკრაინას.

​''მინდა კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი სოლიდარობა უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ. გუშინ ჩემს განცხადებაში ვთქვი, რომ სუვერენულ სახელმწიფოზე თავდასხმა აბსოლუტურად მიუღებელია და ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს. ჩვენი ხელისუფლება შესაძლებლობის ფარგლებში ვაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ უკრაინას, ჩვენ მეგობარ ხალხს. 

რა თქმა უნდა, ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება, დიდი ტრაგედიაა. ამ ომით, რომელიც სამწუხაროდ, ვერ იქნა შეკავებული და თავიდან აცილებული, ყველაზე მეტად დაზარალდება თავად უკრაინა, როგორც სახელმწიფო, მისი სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა და უკრაინელი ხალხი, უკრაინელი ჯარისკაცები. შესაბამისად, ამ ომს არანაირი გამართლება არ აქვს. ჩვენ ეს ყველაფერი ჩვენს თავზე გამოვცადეთ 2008 წელს, როდესაც  სამწუხაროდ თავიდან ვერ იქნა აცილებული აგვისტოს ტრაგიკული მოვლენები. რამაც ძალიან მძიმე შედეგები მოუტანა ჩვენს ქვეყანას. ვინ დაზარალდა ამით? რა ტქმა უნდა ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი. დავკარგეთ ტერიტორიები და გმირი ჯარისკაცები.  რუსეთმა მოახდინა ჩვენი ძირძველი ტერიტორიების ოკუპაცია. 

ომი ყველასთვის არ მიუღებელი, იმიტომ რომ არცერთ მხარეს არ ყავს გამარჯვებული. ზიანი ორივე მხარეს მიადგება.

მინდა ჩვენი სოლიდარობა დავადასტურო და საერთაშორისო საზოგადოებას მოვუწოდოთ ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ უკრაინაში ეს საომარი მოქმედებები შეჩერდეს'' - განაცხადა ღარიბაშვილმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი