ჩვენ ვგზავნით დამატებით თავდაცვით სახმელეთო და საჰაერო ძალებს ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში, ასევე დამატებით საზღვაო რესურს - ნატო

24 თებერვალი 2022, 15:54 1127 ნახვა

ჩვენ ვგზავნით დამატებით თავდაცვით სახმელეთო და საჰაერო ძალებს ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში, ასევე დამატებით საზღვაო რესურსს. ჩვენ გავზარდეთ ჩვენი ძალების მზაობა, რეაგირება იქონიონ ყველა ვითარებაზე,- ამის შესახებ ნატოს ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი.

მათივე განცხადებით, ნატო გააგრძელებს ყველა აუცილებელი ზომის მიღებას ყველა მოკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის უზრუნველსაყოფად.

მათივე განმარტებით, რუსეთი და მხოლოდ რუსეთია, ვინც ესკალაციის გზა აირჩია და რუსეთი ძალიან მძიმე ეკონომიკურ და პოლიტიკურ ფასს გადაიხდის.

„ჩვენ უძლიერესად ვგმობთ რუსეთის შემაშფოთებელ თავდასხმას უკრაინაზე, რომელიც აბსოლუტურად გაუმართლებელი და არაპროვოცირებულია. ჩვენი ფიქრები გარდაცვლილებთან, დაშავებულებთან და უკრაინის მოსახლეობასთანაა. ჩვენ, ასევე, ვგმობთ ბელარუსის ქმედებას ამ თავდასხმის ხელშეწყობისთვის.

განახლებული თავდასხმა საერთაშორისო სამართლის, მათ შორის, გაეროს წესდების მძიმე დარღვევაა და ასევე, სრულად ეწინააღმდეგება რუსეთის მიერ ჰელსინკის დასკვნითი აქტით, პარიზის ქარტიით, ბუდაპეშტის მემორანდუმითა და ნატო-რუსეთის დამფუძნებელი აქტით ნაკისრ ვალდებულებებს. ეს არის აგრესიის აქტი დამოუკიდებელი მშვიდობიანი ქვეყნის წინააღმდეგ.

ჩვენ ვდგავართ უკრაინელი ხალხის, მათი ლეგიტიმური, დემოკრატიული გზით არჩეული პრეზიდენტის, პარლამენტისა და მთავრობის გვერდით. ჩვენ ყოველთვის სრულ მხარდაჭერას გამოვუცხადებთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ტერიტორიული წყლების ჩათვლით.

ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები და გამოიყვანოს სამხედრო ძალები უკრაინიდან და მისი შემოგარენიდან, სრულად სცეს პატივი ჰუმანიტარულ სამართალს და ხელი არ შეუშალოს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას საჭიროების მქონე ადამიანებისთვის.

მკაცრად ვგმობთ რუსეთის გადაწყვეტილებას უკრაინის სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით, ეს კიდევ უფრო მეტად არღვევს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ეწინააღმდეგება მინსკის შეთანხმებას, რომლის ხელმომწერიც არის რუსეთი. მოკავშირეები არასდროს მიიღებენ ამ უკანონო აღიარებას.

მოვუწოდებთ რუსეთს, უარი თქვას ძალადობასა და აგრესიაზე. რუსეთის ლიდერებმა უნდა აიღონ სრული პასუხისმგებლობა მათი ქმედებების შედეგებზე. რუსეთი გადაიხდის ძალიან მძიმე ეკონომიკურ და პოლიტიკურ ფასს. ნატო გააგრძელებს კოორდინირებას, მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ევროკავშირთან.

 

ამ კრიზისის განმავლობაში ნატომ, მოკავშირეებმა და ჩვენმა პარტნიორებმა გაიღეს მაქსიმალური ძალისხმევა რუსეთთან დიპლომატიისა და დიალოგის გამოსაყენებლად, მათ შორის, უმაღლეს დონეზე და გააკეთეს ბევრი არსებითი შეთავაზება ევროატლანტიკურ რეგიონში ყველა ქვეყნის უსაფრთხოების დასაცავად. ჩვენ მუდმივად ვიწვევდით რუსეთს მოლაპარაკებებზე ნატო-რუსეთის საბჭოში. რუსეთს ჯერ კიდევ არ უპასუხია. რუსეთი და მხოლოდ რუსეთია, ვინც ესკალაციის გზა აირჩია.

 

რუსეთის ქმედებები სერიოზულ საფრთხეს უქმნის ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას და მათ ექნებათ გეოსტრატეგიული შედეგები. ნატო გააგრძელებს ყველა აუცილებელი ზომის მიღებას ყველა მოკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის უზრუნველსაყოფად. ჩვენ ვგზავნით დამატებით თავდაცვით სახმელეთო და საჰაერო ძალებს ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში, ასევე დამატებით საზღვაო რესურსს. ჩვენ გავზარდეთ ჩვენი ძალების მზაობა რეაგირება იქონიონ ყველა ვითარებაზე.

დღეს ჩვენ ასევე გავმართეთ კონსულტაციები ნატოს მეოთხე მუხლის შესაბამისად. ჩვენ გადავწყვიტეთ, ყველა მოკავშირის დასაცავად ჩვენი თავდაცვითი გეგმის შესაბამისად, გადავდგათ დამატებითი ნაბიჯები ალიანსის მასშტაბით შეკავებისა და თავდაცვის შემდგომი გაძლიერების მიზნით. ჩვენი ზომები არის და რჩება პრევენციული, პროპორციული და არაესკალაციური.

ჩვენ ერთიანი ვართ ერთმანეთის დასაცავად“, - ნათქვამია ნატოს განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში