აჭარის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ლადო მგალობლიშვილი, სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ 2010 წელს "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს, მთავრობამ ფასადის რეაბილიტაციის სანაცვლოდ ქალაქის მთავარი მოედნის ნაწილი 1 ლარად გაყიდა.
მისივე განმარტებით, ერას მოედნის ნაწილი კერძო საკუთრებაშია.
"2010 წელს ნაცმოძრაობის ფასადურმა მთავრობამ ფასადის რეაბილიტაციის სანაცვლოდ ქალაქის მთავარი მოედანის ნაწილი 1 ლარად გაყიდა.
ბათუმელებისთვის ალბათ უსიამოვნო ინფორმაცია იქნება რომ ერას მოედნის ნაწილი კერძო საკუთრებაა.
ლევან ვარშალომიძე და გიორგი კირთაძე მინიმუმ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას უნდა გრძნობდეს ქალაქის მთავარი მოედნის გასხვისებისთვის.
დარწმუნებული ვარ ბათუმელები არასდროს დაუშვებენ ქალაქის მთავარი მოედნის გამყიდველებმა ილაპარკონ ბათუმის სახელით", - წერს დეპუტატი.
აჭარის მაუწყებელი დაუკავშირდა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერს, ლევან ანთაძეს, რომელმაც განაცხადა, რომ ტერიტორიის გასხვისების მიზანი მისი განვითარება იყო.
"ტერიტორიის გასხვისების მიზანი მისი განვითარება იყო და შემსყიდველს არავითარ შემთხვევაში არ გადაეცემოდა იმ პირობით, რომ მოქალაქეებს ევროპის მოედნით სარგებლობა შეზღუდვოდა", - აცხადებს ანთაძე.