ბათუმის საკრებულოს დეპუტატი, ლევან დოლიძე ტენდერებს უკონკურენტოდ იგებს - ენმ

26 იანვარი 2022, 10:51 1706 ნახვა

ბათუმის საკრებულოს წევრები დაკავებული არიან ბიუჯეტის ფულით ბიზნესის კეთებით - განცხადება "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" დღეს გააკეთეს.

რეზო ხარაზის განმარტებით, ამის ნათელი მაგალითია ლევან დოლიძე, რომლის ოჯახის კომპანიებიც, მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერებს უკონკურენტოდ იგებენ.

"ნაციონალური მოძრაობა" მოუწოდებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ასევე სხვა საგამოძიებო უწყებებს დაინტერსდნენ აღნიშნული ფაქტით.

"ბათუმის საკრებულო დღეს ვერ ასახავს ბათუმელების ინტერესებს, "ქართული ოცნების" დეპუტატები არ ესწრებიან  და ბოიკოტს უცხადებენ საკრებულოს სხდომებს, ამის პარალელურად  ბათუმის საკრებულოს წევრები დაკავებული არიან ბიუჯეტის ფულით ბიზნესის კეთებით.  

ამის ნათელი მაგალითია საკრებულოს მოქმედი დეპუტატი ლევან დოლიძე, რომლის ოჯახის კომპანიებიცაა ,,ბონდი2009” და ,,მონოლითი2005“.  სწორედ ბათუმის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერებიდან უმრავლესობას უკონკურენტოდ იგებს ლევან დოლიძის კომპანიები. ჯამში  2021-2022 წლებში ,,ბონდი2009“ -  18 610 251 მილიონი ლარის ტენდერი აქვს მოგებული ხოლო ,,მონოლითი 2005“ - 5 222 396  მილიონის.

ეს არის ნათელი მაგალითი იმისა თუ როგორ მოირგო "ქართული ოცნების" დეპუტატმა ბათუმის მერიის ბიუჯეტი. მოშლილია ინტერესთა კონფლიქტის ზღვარი"- განაცხადა რეზო ხარაზმა.

ბათუმის მერის განცხადებით, შესყიდვები ღიად და გამჭვირვალედ შესაბამის პლატფორმაზე ხორციელდება და ყველა კომპანიას აქვს შესაძლებლობა მიიღოს მონაწილეობა მასში სატენდერო დოკუმენტების გათვალისწინებით.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი