"ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" ბათუმის საკრებულოს გარდაცვლილი წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის საქმესთან დაკავშირებით განცხადება გაკეთდა.
პარტიაში ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების საქმეზე გამოძიების დაჩქარებას მოითხოვენ.
აღნიშნული მოთხოვნით მირდატ ქამადაძემ დღეს სადამკვირვებლო ორგანიზაციებსა და სახალხო დამცველს მიმართა.
"ორ თვეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ნუგზარ ფუტკარაძე გარდაიცვალა და საზოგადოებამ დღემდე არ იცის გამოძიების შედეგები, დღემდე არ ვიცით ვინ არის ის კაცი, ვისი სახელითაც ახდენდნენ მასზე ზეწოლას და ვის შესახებაც ჩანაწერებში ნათლად ისმის. ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ "ქართული ოცნება" ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით ყველაფერზე წამსვლელია. მათ შორის, მისთვის მეორეხარისხოვანია ადამიანის სიცოცხლე. სიმბოლურია, რომ ამ ყველაფერს ქართული ოცნება იმ ადამიანების ხელით აკეთებს, რომლებიც ასლან აბაშიძის რეჟიმის დროს აჭარაში ჩადიოდნენ ყველაზე ცუდ საქმეებს.
ამ ფონზე პრემიერი გვიცხადებს, რომ ყველა კრიზისი ამოწურულია. თუ ყველა კრიზისი ამოწურულია, მაშინ რატომ ვერ იკრიბება ბათუმის საკრებულო, რა ხდება ნუგზარ ფუტკარაძის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც სწორედ იმის გამო დაიღუპა ჩვენი ღრმა რწმენით, რომ ბათუმში ოპოზიციას არ ჰქონოდა უმრავლესობა და ოცნებას შეენარჩუნებინა ძალაუფლება. ამ ფონზე პრემიერის ჰყოფნის ცინიზმი, რომ გვითხრას, რომ კრიზისი ამოიწურა და ოცნება ამ ოლქში უკვე არჩევნებისთვის ემზადება.
მანამ, სანამ ამ საქმეზე არსებულ ყველა კითხვაზე დამაჯერებელი პასუხი არ იქნება "ქართულ ოცნებას" მორალური უფლება არ აქვს ამ ოლქში კანდიდატი დააყენოს და აწარმოოს საარჩევნო კამპანია. მომავალმა კანდიდატმაც უნდა იცოდეს, რომ სანამ საზოგადოებაში არსებობს ეს კითხვები ის მანდატი სისხლიანია.
ჩვენ მივმართავთ ადგილობრივ თუ საერთაშორისო ორგანიზაციებს, ჩვენი პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებს, სახალხო დამცველს, რომ ჩვენ გვაინტერესებს პასუხები. ჩვენ ბოლო წუთამდე ვცდილობთ ვიყოთ კონსტრუქციულები.
ჩვენ ველოდებით პასუხებს ხელისუფლებისგან, ჩვენ არ გვინდა მივმართოთ რადიკალურ ზომებს. ჩვენი ამოცანაა ყველა კითხვას გაეცეს პასუხი"- განაცხადა მირდატ ქამადაძემ.
ორ თვეზე მეტი გავიდა მას შემდეგ რაც ბათუმის საკრებულოს წევრი, ნუგზარ ფუტკარაძე გარდაიცვალა. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ დეპუტატის გადაბირებას ფულის სანაცვლოდ ცდილობდნენ, რისი ამსახველი ჩანაწერებიც მან პარტიის წევრებს სიცოცხლეშივე გადასცა.