ჩვენი მოთხოვნაა დააკავონ პოლიციელი, რომელმაც შშმ პირს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და იძალადა - ხატია დეკანოიძე

24 იანვარი 2022, 20:27 1175 ნახვა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ხატია დეკანოიძე, დღეს მედიაში გავრცელებულ ვიდეოს ეხმაურება, სადაც პოლიციელის მიმართ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ცემის ფაქტია ასახული.

მისივე განმარტებით, დაუყოვნებლივ უნდა დააკავონ პოლიციელი, რომელმაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და იძალადა  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირზე. 

"ჩვენი მოთხოვნაა და ალბათ, საზოგადოების ყველა წევრის მოთხოვნაც, რომ სასწრფოდ, დაუყოვნებლივ დააკავონ ის პოლიციელი, რომელმაც ჩაიდინა განზრახ ძალადობა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და იძალადა შშმ პირზე. ასევე, დაკავებული თანამდებობიდან უნდა გადადგეს და პასუხისმგებლობა დადგეს იმ ადამიანის, ვის განყოფილებაშიც და დანაყოფშიც შედიოდა ეს ადამიანი. ზოგადად, გავიაზროთ სად ვცხოვრობთ, რატომ არის სისტემა თავგასული და რატომ ხდება, რომ პოლიციის მხრიდან ჩვენი დაცვის ნაცვლად, გვხვდება ის სისასტიკე, რომელმაც ალბათ თითოეული თქვენთაგანი შეძრა და შეძრა ძალიან მცირე ხნით სოციალურ ქსელში, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ყველაფერი განვითარებას ჰპოვებს, თუ ეს ადამიანები არ დაისჯებიან ძალიან მკაცრად“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

დღეს მედიასაშუალებით, გავრცელდა თბილისის მეტროში გადაღებული ვიდეო, როგორც კადრებში ჩანს, პოლიციელი ახალგაზრდა მამაკაცს ფიზიკურად გაუსწორდა, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია. 

მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა. უწყების განცხადებით, გენერალურმა ინსპექციამ ფაქტის მოკვლევა უკვე დაიწყო. ასევე გამოძიება პოლიციელის მხრიდან სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმაც დაიწყო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი