უკრაინაში მიმდინარე პროცესები - ოპოზიციის შეხვედრა პარლამენტში

24 იანვარი 2022, 12:10 1032 ნახვა

საპარლამენტო ოპოზიცია უკრაინას მხარდაჭერას უცხადებს და პარლამენტიდან ერთობლივ მიმართვას ავრცელებს. "ლელომ", "ნაციონალურმა მოძრაობამ" და რეფორმების ჯგუფმა  ხუთპუნქტიანი განცხადება შეიმუშავეს, რომელშიც ნათქვამია, რომ საპარლამენტო ოპოზიციამ და უმრავლესობამ ერთობლივად მიიღოს უკრაინის მხარდამჭერი საპარლამენტო რეზოლუცია, სტრატეგიული მეგობრის და პარტნიორის მიმართ საერთო სახელმწიფოებრივი, მრავალპარტიული მხარდამჭერი პოზიციის გამოხატვის მიზნით.

საუბრობენ, საქართველო-უკრაინის მეგობართა ჯგუფის გააქტიურებასა და უახლოეს დღეებში ერთობლივი მხარდაჭერის დემონსტრირების მიზნით კიევში საპარლამენტო უმრავლესობის და ოპოზიციის ერთობლივი ვიზიტის ორგანიზებაზე.

მოუწოდებენ საქართველოს პრემიერ-მინისტრს „მოიწვიოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გაფართოებული სხდომა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის განახლებული აგრესიის ფონზე საქართველოსა და რეგიონისთვის გამოწვეულ შესაძლო საფრთხეებზე სამსჯელოდ და შესაბამისი ღონისძიებების შემუშავების მიზნით“.

რაც შეეხება მმართველი გუნდის პოზიციას, ირაკლი ზარქუა ამბობს, რომ გმობს ოკუპაციას და მხარს უჭერს უკრაინას, თუმცა ოპოზიციასთან ერთობლივ კონსულტაციებს არ აპირებენ. მისი განცხადებით, რეზოლუციას მიიღებენ, როდესაც პარლამენტი შეიკრიბება.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი