სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრებ დევნილებს ორი ალტერნატივა აქვთ, თავად აირჩიონ ბინა ან მშენებლობის დასრულება დაელოდონ - პრემიერი

24 იანვარი 2022, 11:44 938 ნახვა

პრემიერის განცხადებით, სანატორიუმ "ქართლში" მცხოვრები დევნილები ახალ საცხოვრებელ ფართებს წლის ბოლოს უპირობოდ მიიღებენ. 

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სამინისტრო მათ ორ გზას თავაზობს:

თავად მოიძიონ ბინა თბილისში — ამ შემთხვევაში სააგენტო ერთ კვადრატულ მეტრში $550 გადაიხდის;

ასევე მათ აქვთ ალტერნატივა, რომ დაელოდონ მათთვის შეძენილი ბინების მშენებლობის დასრულებას. ამ შემთხვევაში სააგენტო, მათ ქირის თანხით უზრუნველყოფას სთავაზობს.

"სანატორიუმ "ქართლში" მცხოვრები ოჯახები ახალ მინისტრის დაპირებისამებრ ახალ საცხოვრებელ ფართებს წლის ბოლომდე უპირობოდ მიიღებენ"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის განცხადებით, კრიტიკულ საცხოვრებელ პირობებში მცხოვრები დევნილები საცხოვრებელი ბინებით დაკმაყოფილდებიან.

მისივე თქმით, კრიტიკულ საცხოვრებელ პირობებში მცხოვრებ დევნილებს დროებით ქირის გასვლა და მშენებლობების დასრულებამდე, სხვა ბინებში ცხოვრება შესთავაზეს.

„გუშინ ჩვენ გავაკეთეთ უფრო დეტალურად განცხადება, თუ როგორ ვაპირებთ დევნილი მოსახლეობის ბინებით დაკმაყოფილებას. მნიშვნელოვანია იმ დევნილების დაკმაყოფილება, რომლებიც განსაკუთრებით კრიტიკულ საცხოვრებელ პირობებში იმყოფებიან. ამ მიმართულებით მიმდინარე, ძალიან აქტიური სხვადასხვა ღონისძიებები გვაქვს. ყველაზე კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი დევნილებისთვის თბილისში, რუსთავში, ქუთაისში და სხვადასხვა ქალაქებში უკვე შევარჩიეთ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწები და ახლა მიმდინარეობს მუნიციპალიტეტებთან, ქონების მართვის სააგენტოსთან ამ მიწების გადმოსაცემად პროცესი.

პარალელურად, დაწყებული გვაქვს სხვადასხვა სამშენებლო კომპანიებთან მოლაპარაკებები ამ მიწებზე მშენებლობების დაწყების საკითხზე. ასევე, თბილისში, რადგან ასეთი კრიტიკული მდგომარეობაა სასტუმრო „ქართლთან“ დაკავშირებით, ჩვენ მოვიძიეთ მიმდინარე მშენებლობები, სადაც 200-მდე ბინაა და მათთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, რომ არსებული ფასების ფარგლებში შემოვიდნენ გამოცხადებულ კონკურსში. მიმდინარე წელს ამ ბინებით ჩვენ მოსახლეობას დავაკმაყოფილებთ. დავადასტურებ, რომ დევნილთა სააგენტომ მოიძია ღირსეული საცხოვრებელი პირობები, სხვადასხვა ბინები, სადაც ჩვენ კრიტიკულ საცხოვრებელ პირობებში მცხოვრებ დევნილებს ვთავაზობთ ქირის გასვლას, მშენებლობების დასრულებამდე, მათ იქ ცხოვრება შეეძლებათ"- განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

 

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი