ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრის კოვიდგანყოფილებაში ყველა ადგილი შევსებულია

21 იანვარი 2022, 12:55 3107 ნახვა

ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრის კოვიდგანყოფილებაში ყველა ადგილი შევსებულია. 66 პაციენტიდან 5 რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. მათ შორის სამი ახალშობილია, ორი კი მოზარდი. 

კლინიკის დირექტორის განცხადებით, დღის პირველ ნახევარში ხდება პაციენტების გაწერა ან კოვიდსასტუმროში გადაყვანა, თავისუფალი ადგილი კი რამდენიმე წუთში ივსება. 

კლინიკაში ძირითადად არიან ერთ წლამდე ასაკის ბავშვები. თამარ ბახტაძის თქმით, პედიატრიულ დეპარტამენტში მყოფი პაციენტები საშუალო სიმძიმისაა. 

კლინიკაში 59 საწოლი იყო მობილიზებული, თუმცა დილის მონაცემებით 66 პაციენტს მკურნალობენ. არიან როგორც მოზარდები, ასევე მათი კოვიდინიფიცირებული მშობლები. 

''კლინიკა სულ სავსეა.  ვცდილობთ, როცა ვინმე გაეწერება ახალი მივიღოთ. ორი საათისთვის ხდება ნაკადის განახლება. გაშლილი არის 59 საწოლზე, დილით კი უკვე იყო 66 პაციენტი. ზოგიერთ პალატაში დედა და ბავშვი ერთად წევს. ვაყოვნებთ და ვღებულობთ, ვცდილობთ პაციენტებს ჰოსპიტალიზაცია არ დავუგვიანოთ. ახალშობილებში ვირუსი შედარებით მძიმედ მიმდინარეობს, რაც შეეხება მოზარდთა რეანიმაციას აქ არიან პაციენტები, რომლებსაც თანმხლები დაავადებები აქვთ. კლინიკაში ძირითადად ერთ წლამდე ასაკის ბავშვები არიან, პროტოკოლით პირდაპირ არის მოწოდებული, რომ თუ კოვიდი აქვს ბავშვს სიმძიმის მიუხედავად საჭიროა ჰოსპიტალიზაცია. მეორე ჯგუფი არის ერთიდან ხუთ წლამდე. 5 წელზე ზემოთ კი ნაკლებია'' - ამბობს კლინიკის ხელმძღვანელი. 

მისივე თქმით, ამ ეტაპზე კლინიკაში არ წევს პაციენტი, რომელსაც ლაბორატორიულად აქვს დადასტურებული ''ომიკრონი'', თუმცა სავარაუდოა, რომ შემთხვევების 50% ახალი შტამი იყოს. 

თამარ ბახტაძის განცხადებით, გაზრდილია სეზონური ვირუსული ინფექციების მაჩვენებელიც და ბავშვთა საავადმყოფოში ამ კუთხითაც მიმართვიანობა გაზრდილია.

''დატვირთულია კლინიკა ამ კუთხითაც. სეზონური ვირუსული ინფექციების წილი უჩვეულოდ მომატებულია ვიდრე სხვა წლებში იყო. შარშან  გრიპის შემთხვევები არ გვქონია. ახლა უკვე არის'' - აცხადებს კლინიკის დირექტორი. 

დატვირთულია სხვა კოვიდმიმღები სამედიცინო ცენტრებიც. ციციშვილის კლინიკის დირექტორის  ინფორმაციით, პრაქტიკულად ყველა ადგილი შევსებულია, რეანიმაციაში კი არც ერთი ადგილი აღარ არის.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში