ქობულეთის მუნიციპალიტეტში დილიდან გადაადგილების კუთხით პრობლემებია, მოყინულია შიდა სასოფლო გზები.
უხვმა ნალექმა სოფლების: ქაქუთი, ლეღვა, კვირიკე, სოფელი ქობულეთი, ჩაქვის თავის მიმართულებით საავტომობილო გზებზე მოძრაობა შეზღუდა.
სოფელ ცხემვანაში აბონენტებს, ელექტრო ენერგია ორი დღეა არ მიეწოდებათ. მიზეზი სოფელში მოსული დიდი უხვი ნალექია, სადაც რთული რელიეფის გამო გზის გაწმენდა ამ დრომდე ვერ ხერხდება.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის, ლევან ზოიძის განცხადებით მუნიციპალიტეტში დილიდან ლიპყინულია, შესაბამისად, წარმოქმნა გადაადგილების კუთხით გარკვეული შეზღუდვები.
"აჭარის საავტომობილო გზებთან ერთად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული 3-ერთეული მძიმე ტექნიკაცაა ჩართული სოფლის შიდა საუბნო გზების გაწმენდის პროცესში. რაც შეეხება ელექტრო ენერგიის მიწოდებას, სოფელ ცხემვანაში ამ დრომდე 5-აბონენტს არ მიეწოდება შუქი. ტექნიკური ჯგუფები ადგილზე იმყოფებიან და დღის ბოლომდე აღუდგებათ აბონენტებს ელექტრო ენერგია. რაც შეეხება, ბუნებრივ აირს და წყლის მიწოდების საკითხს, მუნიციპალიტეტში ამ კუთხით პრობლემები არ ფიქსირდება"-განაცხადა ლევან ზოიძემ.
აჭარის საგზაო გზების დეპარტამენტის ქობულეთის განყოფილების უფროსი ერეკლე კახიძის განცხადებით, დილიდან გაწმენდით სამუშაოებში ჩართულია 8-ერთეული მძიმე ტექნიკა და იწმინდება სოფლების შიდა საუბნო გზები.
მისივე თქმით, სპეციალური, მუხლუხებიანი მძიმე ტექნიკა გადაჰყავთ ცხემვანის მიმართულებით. დაიწყება გზის გაწმენდის პროცესი და შემდგომ "ენერგო პროს" ჯგუფები შეძლებენ სადენების შეკეთებას.
"მოყინულია სოფლის გზები და ლიპყინულის გამო მოქალაქეებს გადაადგილება უჭირთ. შესაბამისად საავტომობილო გზების ყველა ტექნიკა გასულია ადგილზე და ეტაპობრივად იწმინდება გზები"-განაცხადა ერეკლე კახიძემ.
გაწმენდით სამუშაოებში ჩართულია ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული მძიმე ტექნიკაც.
რაც შეეხება ბუნებრივი აირის და წყალმომარაგების კუთხით მუნიციპალიტეტში პრობლემები ჯერჯერობით არ შექმნილა.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში, თოვლის საფარი 30-40 სანტიმეტრს აღწევს.