ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, „ომიკრონი“ საკმაოდ მსუბუქი მიმდინარეობით გამოირჩევა და ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები მნიშვნელოვნადაა შემცირებული.
ზურაბ აზარაშვილის თქმით, წინა კვირის განმავლობაში ცხელ ხაზს, ასევე ონლაინ კლინიკებს საჭირო რაოდენობით ოპერატორები და კვალიფიციური ექიმები დაამატეს.
„კოვიდის მეექვსე შტამი, „ომიკრონი“ საკმაოდ მსუბუქი მიმდინარეობით გამოირჩევა, ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები მნიშვნელოვნად გვაქვს შემცირებული. ის პრობლემები, რაც შეიძლება იყოს დაკავშირებული „ომიკრონთან“ და მის მართვასთან, ძირითადად გადადის უკვე დისტანციურ მომსახურებაზე, როგორიც შეიძლება იყოს ქოლ ცენტრი, ცხელი ხაზი, ონლაინ კლინიკები, თუ 112-ის მომსახურება.
ძალიან მნიშვნელოვანია, იყოს დაკომპლექტებული ადეკვატური რაოდენობის კადრებით. წინა კვირის განმავლობაში ჩვენ ცხელ ხაზს და ონლაინ კლინიკებს დავამატეთ საჭირო რაოდენობით ოპერატორები და კვალიფიციური ექიმები. ვფიქრობ, არც ერთი ზარი არ უნდა დარჩეს უპასუხოდ. იქნება კონსულტაცია, ბინაზე მკურნალობა, თუ ჰოსპიტალიზაციის შემთხვევა, ადეკვატურად ვმართავთ ყველა ამ ნაკადს. ამ მხრივ, არანაირ პრობლემას და გართულებას არ ველოდებით. რაც შეეხება ჯარის დახმარებას, ვფიქრობ, ამ პროცესების მართვის კუთხით ჯარის საჭიროება არ არის“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
მისივე თქმით, ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციის სამართავად ჯარის ჩართვის საჭიროება არ არის.