ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ნიჟარაძის ქუჩაზე მცხოვრებლები წყლის მიწოდების მოთხოვნით შეიკრიბნენ. ამბობენ, რომ 70-მდე ოჯახს წყალი გაურკვეველი გრაფიკით აქვთ, მეოთხე დღეა კი საერთოდ არ მიეწოდებათ.
დასახლებაში მცხოვრებლების თქმით, ბათუმის წყალმა დასახლებამდე წყლის მილები მიიყვანა, თუმცა ინდივიდუალური დაერთება არ მომხდარა. შექმნილ პრობლემას ხელვაჩაურის მერის წარმომადგენელი ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობას და აბონენტების ზრდას უკავშირებს.
ბეგლარ აბაშიძე განმარტავს, რომ გზის მშენებლობის გამო 40-მდე ინდივიდუალური წყაროს წყალი დაშრა, პარალელურად გაიზარდა აბონენტების რაოდენობაც. საკითხთან დაკავშირებით საქართველოს საგზაო დეპარტამენტში კომენტარი არ გაუკეთებიათ. ბათუმის წყლის განცხადებით, აღნიშნული ტერიტორია არ მიეკუთვნება ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებს. მათი განცხადებით წყლის ახალ ქსელზე დაერთების მიზნით მოსახლეობამ შუამდგომლობისათვის შესაბამის მუნიციპალიტეტს უნდა მიმართოს.