უკრაინის სამთავრობო ვებგვერდებზე კიბერშეტევა განხორციელდა

14 იანვარი 2022, 14:07 656 ნახვა

უკრაინის უშიშროების სამსახური რამდენიმე სამთავრობო ინტერნეტპორტალზე, მათ შორის საგარეო საქმეთა და განათლების სამინისტროების საიტებზე განხორციელებულ  მასშტაბურ ჰაკერულ თავდასხმას იძიებს.  ინციდენტი გასულ ღამეს მოხდა. ამის შესახებ განცხადებას უკრაინის სპეცსამსახურები ავრცელებენ.

სხვა რესურსებზე კიბერშეტევების გავრცელების აღსაკვეთად, ასევე  ტექნიკური პრობლემების ლოკალიზების მიზნით რიგი სამთავრობო გვერდის მუშაობა შეჩერებულია. უკრაინის უშიშროების სამსახური და სახელმწიფო სპეციალური კავშირგაბმულობის უწყება შესაბამისს სახელმწიფო ორგანოებთან ერთად ინციდენტს იძიებს და აგროვებს ციფრულ მტკიცებულებებს - ნათქვამია განცხადებაში. 

დაზარალებული  სახელმწიფო რესურსების დიდი ნაწილის მუშაობა უკვე აღდგენილია, დანარჩენი გვერდები უახლოეს დროში იქნება ხელმისაწვდომი

უკრაინის უშიშროების სამსახურში ირწმუნებიან, რომ  გატეხილი საიტების მთავარ გვერდებზე ჰაკერებმა პროვოკაციული შინაარსის შეტყობინებები  განათავსეს, თუმცა საიტების შინაარსი შეცვლილი არ არის,  წინასწარი ინფორმაციით,  არც  პერსონალური მონაცემების გაჟონვა  მომხდარა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში