თქვენ ისეთივე სასამართლო ხართ, როგორც მე ვარ ასტრონავტი,- ასე მიმართა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ნინო ჩახნაშვილს სასამართლო პროცესზე.
მოსამართლემ მიხეილ სააკაშვილს მოუწოდა, სიტყვით გამოსვლის დროს დარბაზში მყოფი საზოგადოების ნაცლად მის მხარეს მიტრიალებულიყო.
„მე გადავწყვეტ, ვის მივმართო, მივმართავ ქართველ ხალხს, თქვენ ისეთივე სასამართლო ხართ, როგორც მე ვარ ასტრონავტი. მე მივმართავ ქართველ ხალხს. წერტილი. მე არ ვაპირებ ივანიშვილის სასამართლოს ვუყურო თვალებში. თქვენ თვალებში შემოგხედავთ ქართველი ხალხი. ვაპირებ შევხედო თვალებში ქართველ ხალხს. ჩემთვის თქვენ არავინ არა ხართ. მივმართავ ქართველ ხალხს, რომელის წინაშეც წარვდექი, ვერავინ გამაწყვეტინებს და თუ გამაწყვეტინებთ, ამაზე პასუხს გაგცემთ ქართველი ხალხი'' - განაცხადა სააკაშვილმა.
მოსამართლემ მას შეახსენა, რომ სასამართლო დარბაზში იმყოფებოდა, რაზეც საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ასე უპასუხა:
''მე ძალიან კარგად ვიცი, სადაც ვიმყოფები. ეს სხდომის დარბაზი ჩემი აშენებულია. ეს დროშა, რომელიც თქვენს უკან არის ჩემი გაკეთებულია, ეს სკამი, რომელზეც ზიხართ ჩემი დადგმულია. ეს გალიაც ჩემი აშენებულია. მე სადა ვარ თქვენი ახსნა განმარტება არ მჭირდება. ყველაფერი რაც ქვეყანაშია გაკეთებული და რაც აქამდე არ გააფუჭეს, ჩემი გაკეთებულია, თქვენი ახსნა-განმარტება და „ნუცას სკოლა“ არ მჭირდება. ბოდიშს ვიხდი, რომ თქვენგან განსხვავებით ოთხი იურიდიული უმაღლესი სასწავლებელი მაქვს დამთავრებული. არავითარ პატივს არ ვცემ ივანიშვილის სასამართლოს. ნულოვანი პატივისცემა მაქვს თქვენი სასმართლოს მიმართ. ჩამოვედი ამ ქვეყანაში და მივმართავ ჩემს ხალხს'' - განაცხადა სააკაშვილმა.