არ შევხებივართ მზიდ კედლებს, რაც დამავალეს, ის გავაკეთე - სასამართლო კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე 

12 იანვარი 2022, 14:39 10067 ნახვა

''არ შევხებივართ მზიდ კედლებს, რაც დამავალეს, ის გავაკეთე" - თქვა სასამართლო პროცესზე ერთ-ერთმა მუშამ, რომელიც კორპუსის ჩამონგრევის საქმეზეა ბრალდებული. მამა-შვილი გიორგი და ხუსეინ სურმანიძეები ბრალს არ აღიარებენ. 

თავს დამანაშავედ არ მიიჩნევს არც სამუშაოების დამკვეთი და ბინის მეპატრონე. 

ბრალდებული მუშების ადვოკატი აღმკვეთი ღონისძიების შეცვლას ითხოვს.  მზია დიასამიძე ამბობს, რომ ექსპერტიზის დასკვნით იკვეთება სახლის მეპატრონის ბრალეულობა. 

"ნაწილობრივ ვეთანხმებით ექსპერტიზის დასკვნას. იმ ნაწილში, რომ ექსპერტიზამ გამორიცხა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფების პასუხისმგებლობა. რაც შეეხება წარმოდგენილ მტკიცებულებებს, ყველა მტკიცებულება მიგვაჩნია სადაოდ და მოვითხოვთ მათ გამოკვლევას საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე. დასკვნაში მითითებულია, რომ ის მუხლი რომლითაც ედავბოდნენ უსაფრთხოების ნორმების დარღვევაზე ხუსეინ და გიორგი სურმანიძეებს პასუხისმგებლობა არ ეკისრებათ და ეკისრება მხოლოდ და მხოლოდ დამკვეთს. მოვითხოვთ აღმკვეთი ღონისძიების შეცვლას"- აცხადებს მზია დიასამიძე.

ადვოკატი რამინ პაპიძე კი ბათუმის მოქმედი მერის გამოკითხვას ითხოვს. ამის შესახებ შუამდგომლობა დააყენა. ამბობს, რომ არჩილ ჩიქოვანთან კითხვები აქვთ. 

მისივე თქმით, სადაოდ მიიჩნევს ყველა მტკიცებულებას.

"ბრალდების მხარემ წარმოადგინა მტკიცებულებები, ჩვენ დავეთანხმეთ დასაშვებობას, თუმცა აღნიშნულ მტკიცებულებებს მივიჩნევთ სადაოდ. სხდომაზე ჩვენც წარმოვადგინეთ მტკიცებულებები, მოხდება მათი გამოკვლევა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება სასამართლოს მათ დასაშვებობასთან დაკავშირებით არ მიუღია.

ქალაქ ბათუმის მერის გამოკითხვას ვითხოვთ, პროკურორმა საწინააღმდეგო პოზიცია დააფიქსირა, მას არ სურს, რომ მერი დაიკითხოს. ჩვენთვის გაუგებარია თუ რატომ არ უნდა დაიკითხოს ქალაქის მერი, როცა წერილი გვაქვს ჩვენ მიღებული მისი ხელმოწერით, რომლის შინაარსაც ჩვენ არ ვეთანხმებით და ამ სადაო საკითხებთან დაკავშირებით გვსურს მისი დაკითხვა. აღნიშნული წერილი, ბუნებრივია, ამ საკითხთან დაკავშირებითაა, თუმცა დეტალებზე ამ ეტაპზე არ ვისაუბრებ. სადაო მივიჩნევთ ყველა მტკიცებულებებს" - განაცხადა რამინ პაპიძემ.

საქმის არსებითად განხილვა 26 იანვარს გაგრძელდება,  სასამართლოს გადაწყვეტილებით ბრალდებულები პატიმრობაში რჩებიან.

"სასამართლომ სრულად გაიზიარა ჩვენი პოზიციები. ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სრულად იქნა დაშვებული, ასევე ბრალდებულების მიერ შეფარდებული პატიმრობა დარჩა უცვლელი.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოკითხულია 100-ზე მეტი პირი, ჩატარებულია ათობით ექსპერტიზა, ათობით საჯარო და კერძო ორგანიზაციებიდან გამოთხოვილია ინფორმაციები. მიღებულია ექსპერტიზის დასკვნა, რითაც დგინდება, რომ კორპუსის ნგრევის მიზეზი არის პირველ სართულზე ბრალდებულ ზ.გ-ს საკუთრებაში არსებულ ბინებში მზიდი კონსტრუქციების მოშლა. სწორედ აღნიშნულმა გამოიწვია კორპუსის ნგრევა. თავად ბრალდებული ზ.გ იყო პასუხისმგებელი, რომ სამუშაოები განხორციელებულიყო შრომის უსაფრთხოების დაცვით, ადგილზე ყოფილიყო შესაბამისი ექსპერტი, რომელიც დაიცავდა უსაფრთხოების წესებს. ასევე ისეთი სამუშაოების შესრულება, რომელიც ითვალისწინებდა მზიდი კონსტრუქციების მოშლას საჭიროებდა ნებართვას, ამიტომ იგი იყო ვალდებული მიემართა შესაბამისი ორგანოებისთვის და აეღო ნებართვა. ეს მოთხოვნები არ იქნა შესრულებული ზ.გ-ს მიერ, შესაბამისად მის მიერ დაირღვა შრომის უსაფრთხოების წესები და პასუხისმგებლობა დაეკისრა ამ ნაწილში.

რაც შეეხება უშუალოდ მუშებს, გ.ს და ხ.ს, აღნიშნული პირებისათვის ცნობილი იყო, რომ ბინა ერთს და ბინა ორის დამაკავშირებელი კედელი წარმოადგენდა მზიდ კონსტრუქციას, მის მონგრევას შესაძლოა გამოეწვია საცხოვრებელი კორპუსის სიმყარისა და მდგრადობის საფრთხის შექმნა, რაც გამოიწვევდა მოქალაქეებისა და იქ არსებული ქონების დაზიანებას. ბრალდებულებმა იმ იმედით, რომ ეს შედეგი არ დადგებოდა განახორციელეს ამ კედლის მოშლა. 116 მუხლის მეორე ნაწილითაა დაწყებული  მათ მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა, რაც გულისხმობს გაუფრთხილებლობით 9 პირის სიცოცხლის მოსპობას.

გამოძიებით დადგენილია, რომ კორპუსის ჩამონგრევის დღეს ბრალდებულები მივიდნენ საცხოვრებელ კორპუსთან, ვერ გახსნეს შესასვლელი კარი, ამის შემდგომ მოიტანეს რკინის კონსტრუქციები შეიტანეს საცხოვრებელ სახლში და მოხდა მათი დახმარებით კორპუსის გამაგრება. მათი მხრიდან არ მომხდარა ადგილზე მყოფი მოქალაქეების გაფრთხილება.

ინფორმაცია, თითქოს  მსგავსი პროექტი გადაგზავნილი იქნა ერთ-ერთი დაზარალებულის მიერ და მის მიხედვით მოხდა პირველ სართულზე სამშენებლო სამუშაოების შესრულება, სიმართლეს არ შეესაბამება. აღნიშნული პროექტი არ გადაუგზავნია დაზარალებულს იმ ფორმით, რა ფორმითაც შესრულდა. ასევე გამოძიებით დადგენილია, რომ აღნიშნული პირის საცხოვრებელ ბინაში რაიმე ტიპის სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები შესრულებული არ იყო, რომელიც მზიდი კედლების მოშლას გულისხმობდა.

იმ კონკრეტული დაზარალებულის საცხოვრებელი ბინა, რომელზეც საუბრობს დაცვის მხარე არ ყოფილა გადაკეთებული, იყო პროექტის შესაბამისად აგებული"- აცხადებს საქმის პროკურორი.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე №13 სახლის ერთი სადარბაზო 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. ტრაგედიას 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ერთი მამაკაცი კი გადარჩა. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი