მუშებს ნუ გადაატეხავენ ჯოხს - კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე დაკავებულების ოჯახის წევრები ობიექტურ გამოძიებას ითხოვენ 

12 იანვარი 2022, 11:42 3267 ნახვა

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე სახლის ჩამონგრევის საქმეზე დღეს, 12 იანვარს, წინა სასამართლო სხდომა იმართება. სხდომის დაწყებამდე ბრალდებულ გიორგი და ხუსეინ სურმანიძის ახლობლებმა ბრიფინგი გამართეს.

ოჯახის წევრები საქმის ობიექტურად გამოძიებას ითხოვენ. აცხადებენ, რომ ექსპერტიზის დასკვნაში, რომელიც საქმეს დაერთო, მუშების დანაშაული და პასუხისმგებლობა არ იკვეთება. 

მაია სურმანიძის განმარტებით, ბრალდებულები ბინაში მზიდ კედლებს არ შეხებიან და ისინი ტრაგედიის დღეს ობიექტზე სამშენებლო ნარჩენების გამოსატანად მივიდნენ. მისივე თქმით, შესაძლოა ობიექტზე სხვა მუშებიც მუშაობდნენ. 

''ექსპერტიზის დასკვნაში ამ მუშების დანაშაული არ იკვეთება. ამ ადამიანების მუშაობა ობიექტს ვერ დააზარალებდა, ვერ დააზიანებდა, ვერ დაანგრევდა. ჩვენი მიზანია საქმე გამოიძიონ ობიექტურად და სამართლიანად. დასკვნაში არ არის ნახსენები დაშენებული ორი სართული, მიშენებული ლიფტი. წლების წინ გამოღებული სარდაფი, რასაც შეიძლება კორპუსის ნგრევა გამოეწვია. დაბალ ფენას, მუშებს ნუ გადაატეხავენ ჯოხს. 

ესენი ორი ბინას აერთიანებდნენ. ასე იყო მთელ კორპუსში ეს ბინები გაერთიანებული, მხოლოდ პირველ სართულზე არ იყო და რემონტი სწორედ იქ მიმდინარეობდა. შეიძლება რაღაც იყო, მაგრამ ამ მიზეზით ვერ დაინგრეოდა. მითითებას ბინის მეპატრონე მისცემდა, მუშა ვერ მივა და ვერავის ბინაში ნგრევას ვერ დაიწყებს. ესენი შავ სამუშაოებს ასრულებდნენ. შავი სამუშაო რა არის? გაიტანოს ნაგავი, მოანგრიოს კედელი... შიძლება ეს კედელი დანგრეულიც კი არ ქონდათ'' - მაია სურმანიძე. 

ბრალდებულის დის განცხადებით, ოჯახის წევრები ობიექტზე დოკუმენტის მიხედვით მუშაობდნენ. 

''როცა ამბობენ, რომ მუშებმა დატოვეს ის ადგილი, სიცრუეა. დილით როცა მივიდნენ უბრალოდ კარი ვერ გააღეს, ის კარი რომ გაღებულიყო შესაძლოა მამაჩემი და ჩემი ძმა ყოფილიყვნენ შიგნით. მათ ეგონათ, რომ უბრალოდ კარი იყო გაჭედილი, ამიტომ მამამ შვილი შეუშვა ფანჯრიდან იქნებ შიგნიდან გაიღოსო. ისინი რომ ყოფილიყვნენ პროფესიონალი მუშები, რომ სცოდნოდათ რომ ბინა ინგრეოდა არ იტყოდნენ რომ ბინა ინგრევა გამოდით გარეთო? თვითონ შიგნით გაჩერდებოდნენ? დოკუმენტი არსებობდა, დოკუმენტის გარეშე არავინ მუშაობდა, ესენი დაკვეთით მუშაობდნენ. მათ არანაირი მზიდი კედელი არ გამოუღიათ"- აცხადებს თამარ სურმანიძე.

საქმეს დაერთო ასევე ექსპერტიზის დასკვნა. რომლის საფუძველზეც ბრალდებული მუშების ადვოკატი მზია დიასამიძე აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობას დააყენებს. მისი მტკიცებით, ექსპერტიზის დასკვნით მუშების ბრალეულობა არ დგინდება და პასუხისმგებლობა ეკისრება სამუშაოების დამკვეთს.

სხდომაზე დასასწრებად ჩამონგრეულ კორპუსში მცხოვრებლებიც  მივიდნენ. 

"მოვიდნენ, იმუშავეს, დაშალეს სახლი და მოხდა ეს რაც მოხდა. გაირკვევა აქ იმედია ყველაფერი, ჩვენ მეტი არაფერი ვიცით"- აცხადებს გია შომახია. 

საქმეს მოსამართლე კოტე ჭილაია განიხილავს.

პროკურორის განცხადებით, ექსპერტიზით დადგინდა, რომ კორპუსის ჩამონგრევის მიზეზი პირველ სართულზე მზიდი კედლების დემონტაჟი გახდა. აღნიშნულ სამუშაოებს ორი პირი ასრულებდა, რომლებიც საქმეზე ბრალდებულები არიან. ბინის მეპატრონეს კი ევალებოდა სამუშაოების განხორციელებისას დაეცვა კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები. 

''დასკვნის მიხედვით, საცხოვრებელი კორპუსის ნგრევასთან კავშირი არ აქვს დაშენებას, არც მიშენებულ ლიფტს და არც სახლთან ახლოს მიმდინარე სამუშაოებს.

 

ვერსიას, თითქოს ექსპერტიზის დასკვნაში არის მითითებული, რომ როგორც პირველ სართულზე მოხდა, ისეთივე პროექტით იყო სამუშაოები შესრულებული სხვა სართულებზეც სიმართლეს არ შეესაბამება.

ბრალდებულ ზ.ბ-ს მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებულია 240-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც გულისხმობს სამშენებლო სამუშაოების უსაფრთხოების წესების დარღვევას, რამაც ორი ან მეტი პირის გარდაცვალება და სხვა მძიმე შედეგები გამოიწვია. რაც შეეხება ხ.ს. და გ.ს-ს მიმართ, გამოძიება მიმდინარეობს ცხრა პირის სიცოცხლის მოსპობის, სხვისი ნივთის და ქონების განადგურების ფაქტებზე'' - აცხადებს ალექსანდრე ძირკვაძე. 

არცერთი დაკავებული ბრალს არ აღიარებს.

''არ შევხებივართ მზიდ კედლებს, რაც დამავალეს, ის გავაკეთე" - თქვა სასამართლო პროცესზე ერთ-ერთმა მუშამ. 

ათუმში 8 ოქტომბერს კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე წინასასამართლო სხდომა  პირველ დეკემბერს უნდა გამართულიყო, თუმცა მხარეების შუამდგომლობით პროცესი გადაიდო. 

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე №13 სახლის ერთი სადარბაზო 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. ტრაგედიას 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ერთი მამაკაცი კი გადარჩა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში