ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე წინასასამართლო სხდომა გადაიდო

30 ნოემბერი 2021, 16:07 1570 ნახვა

ხვალ, პირველ დეკემბერს ბათუმში 8 ოქტომბერს კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე წინასასამართლო სხდომა უნდა გამართულიყო, თუმცა მხარეების შუამდგომლობით პროცესი 12 იანვრამდე გადაიდო. 

მხარეებმა დამატებითი მტკიცებულებების მოსაპოვებლად დრო ითხოვეს. 

ბრალდებულების ადვოკატის განმარტებით, ისინი ერთ-ერთ მთავარ მტკიცებულებას ელოდებიან, ეს არის საინჟინრო-ექსპერტიზის დასკვნა. 

ექსპერტიზას დამოუკიდებლად ატარებს ბრალდების მხარე. უცხოელი ექსპერტების ჩართულობით ტარდება კიდევ ერთი ექსპერტიზა, ეს უკვე დაცვის მხარის დაკვეთით. 

''თუ კი მხარეები ვერ ასწრებენ მტკიცებულებების მოპოვებას, შუამდგომლობის საფუძველზე  სასამართლო უფლებამოსილია გადადოს წინასასამართლო სხდომა. როგორც დაცვის, ასევე ბრალდების მხარემ ვერ შეაგროვა მტკიცებულებები, აქედან გამომდინარე შუამდგომლობა დააყენეს სხდომის გადადების თაობაზე, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა. ორივე მხარე ელოდება ერთ-ერთ მთავარ მტკიცებულებას, ეს არის საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც რეალურად დაადგენს რამ გამოიწვია აღნიშნული კორპუსის ნგრევა.

დაცვის მხარეს მოპოვებული აქვს მტკიცებულება. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მოწმეთა ჩვენებები, ანალოგიური მტკიცებულებები აქვს ბრალდების მხარეს. მთავარი მტკიცებულება კი არ გვაქვს.

წინასასამართლო სხდომა 12 იანვარს ჩაინიშნა და პროცესი განახლდება. სავარაუდოდ, ამ დროისთვის, დასკვნა უკვე უნდა იყოს'' - განაცხადა ადვოკატმა მზია დიასამიძემ.

ბათუმის მერიაში ამბობენ, რომ ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე მთლიანი კორპუსის დემონტაჟი განხორციელდება. ამ ეტაპზე მოსახლეობას კუთვნილი ნივთები გამოაქვთ, რის შემდეგაც დაიწყება სადემონტაჟო სამუშაოები.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე №13 სახლის ერთი სადარბაზო 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. ტრაგედიას 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ერთი მამაკაცი კი გადარჩა. 

საქმეზე გამოძიება დაიწყო. გამოძიების ვერსიით, შენობის პირველ სართულზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოები გახდა სახლის ჩამონგრევის მიზეზი. დაკავებულია ბინის მფლობელი ზაურ ბუდაგოვი და 2 მშენებელი.

 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში