''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრებმა დღეს ბრიფინგი გამართეს და განაცხადეს, რომ სარჩელის შეტანიდან რამდენიმე თვე გავიდა, მერიის სამსახურებიდან გათავისუფლებული თანამშრომლების საქმე კი ბათუმის საქალაქო სასამართლოს ჯერ ისევ არ განუხილავს. საქმე ეხება შრომით დავას.
ლელა ჩხაიძის თქმით, მას შრომითი ხელშეკრულება მიმდინარე წლის იანვარში შეუწყვიტეს, საჩივარი დაწერა, თუმცა ამ დრომდე საქმეზე რეაგირება არ ყოფილა.
ამბობს, რომ სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით დაითხოვეს, რადგან აჭარის მთავრობის სახლთან ე.წ. თავისუფლების კვარტალში დაინახეს.
''ათი წელია ვმუშაობდი ავტოტრანსპორტის სამსახურში, კონტროლიორად. გამათავისუფლეს იმის გამო, რომ ''თავისუფლების კვარტალში'' დამინახეს. ლევან ვარშალომიძე ატარებდა თათბირს და არასამუშაო საათებში ვიმყოფებოდი. დამინახა რამდენიმე თანამდებობის პირმა და შემდეგ გამათავისუფლეს. ბრძანება დაუწერიათ და 25 იანვარს, თათბირზე არ დამიძახეს და რომ მოვიკითხე გათავისუფლებული ხარო. არც წერილობითი შეტყობინება მიმიღია. ეს სამსახური შემოსავლის ერთადერთი წყარო იყო'' - ამბობს ლელა ჩხაიძე.
ბათუმის საკრებულოს ახალი მოწვევის დეპუტატი, ნაზი ფუტკარაძე სასამართლოს მიმართავს დროულად განიხილონ შრომითი დავები.
მისივე თქმით, ბათუმის ბაღების გაერთიანებიდან ბოლო პერიოდის განმავლობაში კიდევ 11 თანამშრომელი გაუშვეს.
'' მოსალოდნელია ბევრი ადამიანის სამსახურიდან გაშვება. პროფესიონალი კადრები დარჩებიან სამსახურის გარეშე. პანდემიის ფონზე უამრავი ადამიანი დარჩა დასაქმების გარეშე. უსამართლობა და დაუსჯელობის სინდრომი ახალისებს ქალაქის მერიას, აიპებიდან უმიზეზოდ გაუშვეს თანამშრომლები და საარსებოს გარეშე დატოვეს.
დღეს გავიგეთ, რომ ბაღების გაერთიანებიდან რამდენიმე თანამშრომელი გაუშვეს. სტაჟირებაზე მიიყვანეს თავიანთი პარტიული აქტივი, ისინი აიყვანეს და ძველი თანამშრომლები გამოუშვეს.
გათავისუფლებებს პოლიტიკური სახე მიეცა. ვისაც ხელშეკრულება შეუწყვიტეს ყველა პოლიტიკასთან არის კავშირში'' - განაცხადა ნაზი ფუტკარაძემ.