17 მაისის საქმეზე  სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს 193 500 ევროს გადახდა დააკისრა

16 დეკემბერი 2021, 16:38 1250 ნახვა

2013 წლის 17 მაისის საქმეზე საქართველოს სტრასბურგის სასამართლომ დაზარალებულთათვის 193 500 ევროს გადახდა დააკისრა. ინფორმაციას "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ხელმძღვანელი ავრცელებს.

''სტრასბურგის სასამართლომ დღეს ჩვენ სახელმწიფოს 193 500 ევროს გადახდა დააისრა იმის გამო, რომ 2013 წლის 17 მაისს ვერ უზრუნველყო აქტივისტების უსაფრთხოება და დანაშაულების სათანადო გამოძიება. ბევრად უფრო ძვირი დაგვიჯდება 5 ივლისის მოვლენების დროს ხელისუფლების უნიათობა და ძალადობის წახალისება'' - წერს  ნიკა სიმონიშვილი. 

გადაწყვეტილების შესახებ ორგანიზაცია "თბილისი პრაიდი" წერს.

ევროსასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით 2013 წლის 17 მაისს: ​ ლგბტქ აქტივისტებისა და თემის წევრების მიმართ განხორციელდა არაადამიანური მოპყრობა (მუხლი 3) დისკრიმინაციასთან კავშირში (მუხლი 14); დაირღვა ლგბტქ ადამიანებისა და ორგანიზაციების მშვიდობიანი შეკრების უფლება (მუხლი 11) დისკრიმინაციულად (მუხლი 14).

სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს პოლიციამ ვერ შეასრულა თავისი მოვალეობა 2013 წლის 17 მაისს აქციის უსაფრთხოების უზრუნველყოფისას, ხოლო მოპასუხე სახელმწიფომ, საქართველომ ვერ შეასრულა თავისი მოვალეობა და ვერ უზრუნველყო მე-11 მუხლით გათვალისწინებული შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება.

სასამართლოს პრესრელიზში ნათქვამია, რომ 2013 წლის აპრილ-მაისში, დაზარალებულებმა მიმართეს მთავრობას, რომ დაეცვა ისინი რადიკალური დაჯგუფებებისგან, რომ აღენიშნათ, ჰომოფობიის წინააღმდეგ საერთაშორისო დღე 17 მაისს თბილისში და ჩაეტარებინათ ჩუმი "ფლეშ-მობი". რაზეც მთავრობამ მათ უსაფრთხოება აღუთქვა, თუმცა შესთავაზა დემონსტრაციის გადატანა პუშკინის ქუჩაზე, რათა პირდაპირი შეჯახება მოსალოდნელ 10 000 მოწინააღმდეგე დემონსტრანტებთან აერიდებინათ.

"2013 წლის 17 მაისს, პუშკინის ქუჩაზე მისულ 12 აქციის მონაწილეს დახვდა 35 000 - 40 000 მოწინააღმდეგე დემონსტრანტი. ჯგუფი, რომელიც აქციის მონაწილეებისგან პოლიციის კორდონით იყო გამოყოფილი იმუქრებოდა სიკვდილით და სკანდირებდა ჰომოფობიურ შეურაცმხყოფელ სიტყვებს." - ნათქვამია სტრასბურგის სასამართლოს პრეს რელიზში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი