საქართველოს ბაზარზე მოქმედ ფარმაცევტულ საწარმოებს, ხარისხის ახალ – GMP სტანდარტზე გადასვლა მომდევნო წლის პირველი იანვრის ნაცვლად, ეტაპობრივად, 2022 წლის იმ კონკრეტულ თვემდე შეეძლებათ, როდესაც ფარმაცევტული პროდუქტის წარმოების ნებართვა აქვთ მიღებული. ინფორმაციას ჯანდაცვის უწყება ავრცელებს.
მათივე ცნობით, დამატებითი შეღავათი განესაზღვრათ იმ მწარმოებლებს, რომლებსაც წარმოების ნებართვის ვადა ივნისის თვემდე აქვთ მიღებული და მათ ხარისხის სერტიფიკატი 30 ივნისამდე უნდა მოიპოვონ.
გარდამავალი პერიოდის დაწესების შესახებ ინფორმაცია ფარმაცევტული ასოციაციების წარმომადგენლებს ჯანდაცვის მინისტრმა პირადად მიაწოდა. მისივე თქმით, იგივე შეღავათებით ისარგებლებენ საბითუმო დისტრიბუტორებიც.
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის, ზაალ კაპანაძის განცხადებით, დადგენილებაში შედის ცვლილება და იმ მწარმოებლებს, რომლებსაც GMP სტანდარტს ვერ დააკმაყოფილებენ, მედიკამენტების ექსპორტის საშუალება მაინც ექნებათ.
„იქიდან გამომდინარე, რომ ადგილობრივ მწარმოებლებს წლებია, გარკვეული ბაზრები მეზობელ ქვეყნებში მოძიებული აქვთ და ისინი ვერ ახერხებენ ამ სტანდარტზე გადასვლას, მათ 2025 წლამდე ექნებათ უფლება, რათა მოახდინონ აღნიშნული პროდუქციის ექსპორტი“, – განაცხადა ზაალ კაპანაძემ.
თამარ გაბუნიას ინიციატივით, შეიქმნება ფარმაციის საბჭო, რომელიც სფეროში არსებულ და დაგეგმილ ცვლილებებს განიხილავს.