ვის შეეზღუდება ონლაინ თამაშებში მონაწილეობის მიღების უფლება - ლაშა ხუციშვილმა ახალი რეგულაციები წარადგინა

29 ნოემბერი 2021, 12:53 1349 ნახვა

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ონლაინ სათამაშო ბიზნესისათვის ახალი საგადასახადო დაბეგვრის მექანიზმების შესახებ ცვლილებების პროექტი მოამზადა.

ახალი რეგულაციებით განაწილებული მოგების ნაცვლად დაბეგვრას დაექვემდებარება ე.წ GGR 10%-იანი მოგების გადასახადით.

მისივე თქმით, ეს არის ამ სექტორის დაბეგვრის მიღებული პრაქტიკა. გარდა ამისა, გაცემული მოგებები დაიბეგრება თანხის გატანისას 2%-იანი საშემოსავლო გადასახადით. ჯამურად, სექტორის გადასახადების დასაბეგრი ბაზა გაიზრდება 65%-70%-ით.

"საქართველოს მოქალაქეებისთვის დადგინდება ერთიანი ასაკობრივი ზღვარი, ვისთვისაც აკრძალული იქნება აზარტულ თამაშებში მონაწილეობის მიღება. აღნიშნული შეეხება 25 წლამდე საქართველოს ყველა მოქალაქეს და გავრცელდება, როგორც ონლაინ თამაშებზე, ისე ხმელეთის სათამაშო ობიექტებზე (ასაკობრივი შეზღუდვა არ გავრცელდება უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე).

 

სათამაშო ბიზნესში მონაწილეობის მიღება შეეზღუდებათ სოციალურად დაუცველ პირებს, რომლებიც დახმარებას იღებენ სახელმწიფოსგან, საჯარო მოხელეებს, პირებს, რომლებიც მიმართავენ შემოსავლების სამსახურს თვითშეზღუდვის მექანიზმის გამოყენების მოთხოვნით და პირებს, რომლებიც მოხვდებიან აღნიშნულ სიაში, სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე ოჯახის წევრების მოთხოვნით. ჯამში, პირთა წრე, რომელთაც შეზღუდული ექნებათ წვდომა აზარტულ თამაშებზე შეადგენს 1 მილიონამდე სრულწლოვან ადამიანს.

 

აზარტული თამაშების ორგანიზატორები, ვალდებული იქნებიან მოგებული თანხა მოთამაშეს ჩაურიცხონ მხოლოდ პირად ანგარიშზე ან თანხა გასცენ მხოლოდ მოთამაშედ რეგისტრირებულ პირზე. ასევე, აიკრძალება ერთი მოთამაშის მიერ მეორე მოთამაშეზე თანხის გადარიცხვა, რაც მნიშვნელოვნად შეზღუდავს სხვისი ანგარიშით თამაშით შესაძლებლობებს. სათამაშო ანგარიშზე თანხის შეტანისა და გატანის წესი, ასევე მოთამაშედ რეგისტრაციის წესი დარეგულირდება კანონქვემდებარე აქტით"- აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.

ახალი რეგულაციებით აიკრძალება სათამაშო ბიზნესის ყველანაირი სატელევიზიო რეკლამა, ასევე გარე რეკლამა და ქართულ ვებგვერდებზე რეკლამის განთავსება. სათამაშო ბიზნესის ოპერატორებისთვის დასაშვები იქნება მხოლოდ სპონსორობის ხელშეკრულების გაფორმება.

"ახალი რეგულაციების შესაბამისად, საგადასახადო მომსახურების პროვაიდერს აეკრძალება ურთიერთობა დაამყაროს უცხოური სათამაშო ბიზნესის განმახორციელებელ კომპანიებთან მათ სასარგებლოდ გადახდების განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით. აგრეთვე, საგადასახადო მომსახურების პროვაიდერს დაეკისრება ვალდებულება, არ დაუშვას მის მიერ გამოშვებული საგადასახადო ბარათით უცხოური სათამაშო ბიზნესის განმახორციელებელი კომპანიის სასარგებლოდ გადახდის განხორციელება"-განაცხადა ხუციშვილმა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი