ოპოზიციაში მყოფ რადიკალურ ძალებს მუნიციპალიტეტების ბიუჯეტის ჩაგდების შესაძლებლობა არ მივეცით - სოზარ სუბარი

26 ნოემბერი 2021, 15:16 1150 ნახვა

„ჩვენი პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ საქართველოს კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში მომავალი წლის ბიუჯეტი 2017 წლის მოწვევის საკრებულოს შემადგენლობებს დაემტკიცებინა, შექმნილ ვითარებაში ყველაზე სწორი, განვითარებაზე ორიენტირებული გადაწყვეტილება იყო“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, სოზარ სუბარმა პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს დილიდან მთელი საზოგადოება დესტრუქციული ოპოზიციის კიდევ ერთ სპექტაკლს უყურებს.

"დღეს ოპოზიციას არანაირი ხელჩასაჭიდი არ აქვს და მათი მთავარი მესიჯბოქსი „ფეიკზე“ გადის. ისინი 2017 წლის მოწვევის საკრებულოს ვადაგასულს უწოდებენ, თუმცა, თავადვე ამბობენ, რომ საკრებულოს ძველ შემადგენლობას უფლებამოსილებას ვადა მაშინ გასდის, როდესაც ახლადარჩეული წარმომადგენლობითი ორგანოს პირველი სხდომა გაიხსნება, რაც, როგორც უკვე აღვნიშნე, ჯერ არ მომხდარა. ამ ადამიანების დღევანდელი მოქმედებით დასტურდება, რომ ყველგან, სადაც ამის შესაძლებლობა ჰქონდათ, პრობლემების შექმნას აპირებდნენ, რათა არ დამტკიცებულიყო ბიუჯეტი, გაჩერებულიყო მუნიციპალიტეტების განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტების განხორციელება და საზოგადოების წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევის გზაზე, მნიშვნელოვანი ბარიერები შეექმნათ.

იქ, სადაც არის საზოგადოებრივი ინტერესი, არჩევანი განვითარებასა და სტაგნაციას შორის, ყოველთვის მოსახლეობის მხარეს დავდგებით და ყველა ლეგალურ შესაძლებლობას გამოვიყენებთ, რათა ამ ძალებმა საკუთარ მიზნებს მოსახლეობის კეთილდღეობის დაზიანების ფასად მიღწიონ. დღეს გამართული ცირკი, სპეციფიკური სუნის მქონე ხსნარის სხდომათა დარბაზში დასხმა და მათ მიერ გამოყენებული სხვა მეთოდები, კარგად უჩვენებს ამ ხალხის რეალურ სახეს. მიუხედავად ამისა, მინდა ვუთხრა, თითოეულ მათგანს, რომ როგორ იაფფასიან მეთოდებსაც არ უნდა მიმართონ, საქმის კეთებაში, მოსახლეობის პრობლემების მოგვარებაზე ზრუნვაში ხელს ვერ შეგვიშლიან“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში