მშენებელ კომპანიას ჩვენთვის არ მოუმართავს, აქედან გამომდინარე ჩვენთვის უცნობია მათი დანიშნულება და ფუნქცია - ასე გამოეხმაურა ბათუმის ახალარჩეული მერი გოგოლის ქუჩაზე მიმდინარე უკანონო მშენებლობებს.
არჩილ ჩიქოვანის განცხადებით, იგი აღნიშნული და სხვა მიმდინარე საკითხებით პირადად დაინტერესდება და კონკრეტულ პასუხებს მოითხოვს მშენებელი კომპანიისაგან.
"მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახურმა ყველა საჭირო ღონისძიება გაატარა, რაც არსებული კანონმდებლობით არის შესაძლებელი. მათ შორის კომპანია რამდენჯერმე დაჯარიმდა. მომდევნო ეტაპებზეც ჩვენ რა თქმა უნდა უფლებამოსილების ფარგლებში ვიმოქმედებთ.
რაც შეეხება შენობა-ნაგებობების ფუნქციასთან დაკავშირებულ საკითხს რამდენადაც ჩემთვის ცნობილია ამ ეტაპამდე მშენებელ კომპანიას მერიისთვის არ მოუმართავს, აქედან გამომდინარე ჩვენთვის მისი დანიშნულება და ფუნქცია უცნობია.
ისევე როგორც ამ საკითხზე, ასევე მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით, კონკრეტულად დავინტერესდები და კონკრეტულ პასუხებს მივიღებ მშენებელი კომპანიებისა და იმ ადამიანებისაგან ვინც პასუხიმეგბელია'' - განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.
გოგოლის ქუჩაზე უნებართვოდ აშენებული კორპუსების რაოდენობა ამ დროისთვის ცხრას აღწევს. ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ "მეტრო ტერმინალი" უკანონო მშენებლობისთვის რამდენჯერმე დააჯარიმა.