პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

17 ნოემბერი 2021, 17:28 972 ნახვა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, გამოვლენილია თაღლითურად მოქმედი დანაშაულებრივი ჯგუფი, დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე კი ერთი პირია დაკავებული. მას 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 

გამოძიებით დგინდება, საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა დააფუძნეს  და ინტერნეტ სივრცესა და სოციალურ ქსელებში განათავსეს შპს „მარკეტ ბული“-ს რეკლამა. ვებ-გვერდზე marketbull.live-ზე კომპანიის საქმიანობის სფეროდ მითითებული იყო კრიპტოვალუტის ბაზარზე ვაჭრობისას საუკეთესო პირობებით მომსახურება.

უწყების ცნობით, საიტზე აღნიშნული იყო, რომ კომპანიას ვაჭრობის შესაბამისი ლიცენზია ჰქონდა. 

''აღნიშნულ ინფორმაციაზე დაზარალებულის მხრიდან დაინტერესების გამოხატვის შემდგომ, მას დაუკავშირდა კომპანიის  თანამშრომელი, რომელმაც განუცხადა, რომ მათი კომპანია  დაინტერესებულ პირებს ეხმარებოდა საფონდო ბირჟაზე მომგებიან ონლაინ ვაჭრობაში. მან დაარწმუნა დაზარალებული, რომ „ჭკვიანურ ვაჭრობებში“ საკუთარი ფულის ჩადებით შეეძლო მოგების მიღება და ნებისმიერ დროს თავის ბალანსზე არსებული მოგებული თანხის განაღდება. კომპანიის თანამშრომლის თქმით, მათ საქართველოში საკუთარი წარმომადგენელი ჰყავდათ და ე.წ. „სავაჭრო“ თანხები, დაზარალებულს, მისთვის უნდა გადაეცა.

შეთანხმების შესაბამისად, დაზარალებულმა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს ეტაპობრივად გადასცა ფულადი თანხა 164 580 აშშ დოლარის ოდენობით, რის სანაცვლოდაც დაზარალებულის ელექტრონული საფულის ანგარიშზე გადარიცხული თანხის ექვივალენტი კრიპტოვალუტა აისახა. დანაშაულებრივი სქემის მონაწილეთა მოთხოვნის შესაბამისად, აღნიშნული კრიპტოვალუტა, ვითომდა სარფიან ვაჭრობებში მონაწილეობის მისაღებად დაზარალებულის მიერ სრულად იქნა გადარიცხული კომპანიის წარმომადგენლის მიერ კონტროლირებად ანგარიშებზე.

პარალელურად, დაზარალებულისთვის მცდარი შთაბეჭდილებების შექმნის მიზნით, ყალბ სავაჭრო პლატფორმაზე, კომპანიის წარმომადგენლები პერიოდულად აფიქსირებდნენ, რომ თითქოსდა დაზარალებულის საქმიანობა იყო მომგებიანი და მისმა მოგებამ, შეადგინა 91 643.96 აშშ დოლარი.
მას შემდეგ, რაც დაზარალებულმა თანხის განაღდება მოინდომა, ბრალდებულმა და კომპანიის წარმომადგენელმა მოთხოვნაზე უარი განუცხადეს და პლატფორმა, სადაც დაზარალებული  ვაჭრობას ახორციელებდა, გააუქმეს.

დანაშაულებრივი სქემის მონაწილეთა, მათ შორის, დანაშაულში ჩართული უცხო ქვეყნის მოქალაქეთა დადგენა-გამოვლენის მიზნით, სხვადასხვა ქვეყანაში გაგზავნილია სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობები. საქმეზე გრძელდება გამოძიება'' - აცხადებენ პროკურატურაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი