საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული გენადი ბესტაევის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც გუშინ თბილისში გადმოიყვანეს, მძიმეა.
მას ოპერაცია ჩაუტარდა და როგორც ქართულ-ჰოლანდიურ კლინიკაში აცხადებენ, მისი მდგომარეობა არის საკმაოდ მძიმე, მართვით სუნთქვაზეა. ოკუპანტური რეჟიმის უკანონო პატიმარი გვიან ღამით ცხინვალიდან თბილისში გადმოიყვანეს.
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა საქართველოს 53 წლის მოქალაქის გენადი ბესტაევის შეწყალების შესახებ განკარგულებას გუშინ მოაწერა ხელი.
ბესტაევი 2019 წლის ნოემბერში ე.წ. რესპუბლიკის "სახელმწიფო საზღვრის" უკანონო გადაკვეთისა და ნარკოტიკების კონტრაბანდის ბრალდებით დააკავეს და შემდეგ სამი წლითა და ორი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.