არ იქნება მოსვენება, ეს რეჟიმი მშვიდობიანად ჩამოინგრევა - "ნაციონალური მოძრაობის" აქცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან

11 ნოემბერი 2021, 15:52 1230 ნახვა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა და მათმა მხარდამჭერებმა ვაჟა-ფშაველას ძეგლის მიმდებარე ტერიტორიიდან მსვლელობით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობისკენ გადაინაცვლეს.

აქციის მონაწილეები მოითხოვენ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანონ მულტიფუნქციურ კლინიკაში და აღმოუჩინონ სათანადო სამედიცინო დახმარება.

თვითმხილველების თქმით, აქციის მიმდინარეობის დროს კორპუსიდან ქვა ისროლეს. არსებული ინფორმაციით, ორი მოქალაქე დაშავდა. ადგილზე იმყოფებიან სასწრაფო დახმარების ბრიგადები. 

ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა ქვის ნატეხები სამართალდამცველებს გადასცეს. მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟებულია სათვალთვალო კამერები. 

"ყველაფერს აკეთებს ივანიშვილის ხელისუფლება იმისთვის, რომ მოხდეს სამოქალაქო დაპირისპირება. მნიშვნელოვანია, რომ შევინარჩუნოთ სიმშვიდე და ვიყოთ ორგანიზებულები. ეს ანგრევს ივანიშვილის რეჟიმს. 

მნიშვნელოვანია ხალხის სიმრავლეც, თუმცა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორგანიზებულება და თანმიმდევრულობა, რასაც ვაკეთებთ. ამ ტიპის აქციები იქნება ბევრი. საბოლოოდ ჩვენ მივალთ შედეგამდე"- განაცხადა გიორგი კირთაძემ.

ნიკა მელიას თქმით, გეგმა ერთადერთია – არ გაჩერდეიან, თუმცა იმოქმედებენ მშვიდობიანად.

„გეგმა არის ერთადერთი – არ იქნება მოსვენება, მეთოდურად ეს ხელისუფლება, ეს რეჟიმი ჩამოინგრევა, მშვიდობიანად ჩამოინგრევა. არც ერთ ჩვენგანს არ და ვერ ექნება არანაირი არც ამოცანა, არც მიზანი ძალადობისა, არ და ვერ ექნება სადმე შეჭრისა, არ და ვერ ექნება ვინმეზე შეურაცხყოფის მიყენებისა, რადგან მართალი ხალხი ასე არ იქცევა, მართალი ხალხი იქცევა ისე, როგორც ვიქცევით უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში, მართალი ხალხი მშვიდობიანად, მტკიცედ და ურყევად იბრძვის და ასე ანგრევს რეჟიმს. დიახაც, ხანგრძლივი, ხალხმრავალი, უწყვეტი, დისციპლინირებული, ორგანიზებული, მშვიდობიანი საპროტესტო მოძრაობა მეთოდურად ჩამოშლის ამ რეჟიმს ყოველდღიურად"- განაცხადა ნიკა მელიამ.

ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცველების დიდი რაოდენობა.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში