პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის მე-18 დაწესებულებაში გადაყვანის კადრებს ასაჯაროებს

11 ნოემბერი 2021, 13:40 3211 ნახვა

სპეციალური პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის კადრებს ასაჯაროებს.

"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროვებთ ვიდეოკადრებს, რომელიც ასახავს №18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში პატიმარ მიხეილ სააკაშვილის შესახლებას, პალატაში განთავსებას და სააკაშვილის მიერ დაწესებულების თანამშრომლების მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების და სამედიცინო ტექნიკის დაზიანების ფაქტს.

იუსტიციის სამინისტროს მხრიდან აღნიშნულ ფაქტს უკვე მოჰყვა შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ფაქტზე გამოძიება დაიწყო"-ნათქვამია პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რატი ბრეგაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი სამართალდამცველის კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილა.

მისი თქმით, ადვოკატების განცხადებები, რომ მიხეილ სააკაშვილს სამკურნალო დაწესებულებაში შესახლებისას შეურაცხყოფა მიაყენეს, სიცრუეა.

„ნათლად გამოჩნდება, თუ სად გაჩერდა რეანომობილი, რომლითაც გადავიყვანეთ პატიმარი სააკაშვილი მე-18 დაწესებულებაში და ნათლად დაინახავს ამას საზოგადოება, რომ ეს არის გაჩერებული პირდაპირ დაწესებულების კარებთან, სადაც მას საერთოდ ვერავინ დაინახავდა. მსგავსი ტიპის წვრილმან სიცრუეზე არის აწყობილი მთელი კამპანია. ეს რაც შეეხება წამებას და არაადამიანურ მოპყრობას, რომელსაც თითქოსდა ჩვენ ვახორციელებთ ამ პატიმრის მიმართ. 

აქვე ვიტყვი კიდევ ერთს, რომ თავად პატიმარი, არ დაემორჩილა ჩვენი თანამშრომლების კანონიერ მოთხოვნას, როდესაც ის უნდა გადასულიყო რეანომობილიდან და შესახლებულიყო მე-18 დაწესებულებაში და მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა ჩვენს თანამშრომელს, ბუნებრივია, ამის შესახებაც მივაწვდით საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას.

კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენი მიზანი ყოველთვის იყო და იქნება, რომ ჩვენი საზოგადოება იყოს ინფორმირებული და იცოდეს სიმართლე. სწორედ ამ მიზნით, სპეციალური პენიტენციური სამსახური ასაჯაროებს იმ კადრებს, რომელიც ჩვენს მოსახლეობას მიაწვდის ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ იქნა შესახლებული მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში პატიმარი სააკაშვილი, ასევე პალატაში განთავსებას და სააკაშვილის მიერ დაწესებულების თანამშრომლების მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას, სამედიცინო ტექნიკის დაზიანების ფაქტს“, – განაცხადა ბრეგაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი