გადათვლილი 58 უბნის მონაცემების მიხედვით, 44 საარჩევნო უბანზე შედეგები უცვლელი დარჩა, ხოლო 14-ზე მცირედით შეიცვალა, - ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა.
იოსელიანის განცხადებით, გადათვლას არ მოუხდენია ზეგავლენა მეორე ტურის წინასწარ შედეგებზე.
„გადათვლის შედეგად „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ დააკლდა 6 ხმა და დაემატა 3, „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ დააკლდა 5 და დაემატა 39, „გახარია - საქართველოსთვის“ დააკლდა - 34 ხმა. გადათვლებს არა თუ საარჩევნო ოლქის, არამედ საარჩევნო უბნის მიხედვითაც არ მოუხდენია ზეგავლენა მეორე ტურის წინასწარ შედეგებზე. აღნიშნული 58-დან 52 უბნის მონაცემები საოლქო საარჩევნო კომისიებმა ცესკოს მიმართვის საფუძველზე გადათვალეს, რომლის თანახმადაც, არჩევნების მეორე ტურზე, ვიდეო-ფიქსაციის ჩანაწერების არარსებობის გამო, ლოტოტრონის მეშვეობით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით უნდა შერჩეულიყო 2-2 უბანი და გადათვლილიყო, ხოლო იმ საარჩევნო ოლქებში, სადაც ასეთი უბნები 2 ან ნაკლები იყო, ავტომატურად გადათვლილიყო ყველა მათგანი; დანარჩენი 6 უბნის მონაცემები კი კომისიებმა საკუთარი ინიციატივით გადათვალეს - განაცხადა ნათია იოსელიანმა.