მსოფლიოში „კოვიდ 19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინით ჯამში შვიდი მილიარდი აცრაა ჩატარებული. აცრების ნახევარზე მეტი სამ ქვეყანაზე: ჩინეთზე, ინდოეთსა და აშშ-ზე მოდის. „ბლუმბერგის“ ინფორმაციით, საკმარისი ვაქცინა იყო შექმნილი, რომ მსოფლიოს მოსახლეობის 46 პროცენტი სრულად აცრილიყო, თუმცა განაწილება ცალმხრივად წარიმართა.
ყველაზე მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნები და რეგიონები ვაქცინაციას 20-ჯერ უფრო სწრაფად ატარებდნენ, ვიდრე დაბალი შემოსავლის ქვეყნები. ვაქცინაციის ადრეულ პროცესში ლიდერი იყო ისრაელი, თუმცა „დელტა“ ვარიანტთან დაკავშირებულმა ახალმა შტამებმა ვითარება გაართულა.
აცრების გააქტიურების ფონზე, ბოლო 20 თვის განმავლობაში პირველად ისრაელმა ვაქცინირებული ან უკვე გამოჯანმრთელებული ტურისტების მიღება დაიწყო. 18-თვიანი შეზღუდვების შემდეგ, აცრილი ტურისტების მიღება 60-ზე მეტი ქვეყნიდან დაიწყო ტაილანდმაც.